მშობლების საყურადღებოდ! პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსწავლე გაკვეთილზე
მოსწავლე გაკვეთილზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
გამოწერა
2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ბავშვები, რომლებსაც 6 წელი1 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, პირველ კლასში სწავლის დაწყებას შეძლებენ.
ამ დრომდე არსებული რეგულაციით, სკოლებში დარეგისტრირება შეეძლოთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებოდათ.
სკოლაში მისაღებად ბავშვების ასაკმა ნახევარი თვით გადაიწია: კანონში ცვლილება შევიდა>>>
კანონში შესული აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა:
რეგისტრაციის I ეტაპი დამატებით განხორციელდება 2022 წლის 20-დან 28 აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში სკოლებში დამატებით რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცემათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში.
I ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის ვადაა 29 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით პერიოდი.
I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობელები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის შეყვანა სურთ. სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე.
იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.
სამინისტროს ინფორმაციით, საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ფიზიკური შეზღუდვა; ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; სწავლის უნარის დარღევა; სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); მეტყველების განვითარების დარღვევა; ქცევითი და ემოციური დარღვევა; გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი.
II ეტაპი – სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
II ეტაპი 10 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
III ეტაპი დაიწყება 24 მაისიდან და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
ეს უკვე საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელიც განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე registration.emis.ge. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში თუ დოკუმენტაცია არ იქნება წარდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
IV ეტაპი – სკოლებში ამ დროს გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
IV ეტაპი 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მომავალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 15 მარტს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია ოთხ ეტაპად ტარდება და ოთხივე ეტაპის დასრულების ვადაა 12 ივლისი.
ყველა ახალი ამბავი
0