UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის პროცესს გაეცნო

© Pixabay / steveriot1გაკვეთილი
გაკვეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2022
გამოწერა
თბილისში უკრაინულენოვან სექტორზე უკვე 130 მოსწავლე ირიცხება და მათი რაოდენობა მზარდია.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში, სადაც უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ღასან ხალილს უმასპინძლა, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ჩხენკელმა UNICEF-ის წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების შესახებ. სტუმრები უკრაინულენოვან სექტორზე მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნენ და მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს.
მინისტრის თქმით, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკრაინულენოვანი სექტორისთვის შეარჩია კვალიფიციური პედაგოგები, რომელთა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
უკრაინულენოვან სექტორზე ამჟამად უკვე 130 უკრაინელი მოსწავლე სწავლობს.
თბილისში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა>>>
თავის მხრივ, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და პირადად მინისტრ ჩხენკელს უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერისა და საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნისთვის.
განათლების სამინისტრომ ყველა მოსწავლე სწავლისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ბუკებით უზრუნველყო.
უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები, სხვა საგნებთან ერთად, ასევე შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩემი საქართველო". მოსწავლეებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებშიც მიიღონ მონაწილეობა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ასაკის 430 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.
ყველა ახალი ამბავი
0