დაბალი ფასები და უსაფრთხოება: ღარიბაშვილი ჯანდაცვის სფეროს ახალ რეფორმაზე

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
გამოწერა
ხელისუფლება ცდილობს, რომ ქვეყანაში მედიკამენტოზური მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი იყოს, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. მაღალი ფასები მედიკამენტებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, თუმცა ახალ რეფორმასთან ერთად ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ორშაბათს.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. თურქეთიდან საქართველოში უკვე შემოვიდა 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტები, რის შედეგადაც ფასები წამლებზე მნიშვნელოვნად შემცირდა.

„მას შემდეგ, რაც გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რომელიც აწარმოებს ძალიან მაღალი ხარისხისა და ამავდროულად იაფ მედიკამენტებს, დაიწყო ამ მედიკამენტების შემოტანა საქართველოში. დღეს 60-70%-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი დაახლოებით 200-მდე მედიკამენტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების ძალისხმევით ქვეყანაში ის მედიკამენტები შემოვიდა, რაზეც მოთხოვნა ყველაზე მაღალი იყო.
„ჩვენს სისტემაში 10.000-ზე მედიკამენტია დარეგისტრირებული, მაგრამ რაც ყველაზე მოთხოვნადი იყო, სწორედ მათზე გავაკეთეთ ფოკუსირება და კონცენტრირება“, – დასძინა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 11 აპრილიდან ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებმა მეორე ჯგუფის წამლები მხოლოდ ელექტრონული ფორმით უნდა გამოწერონ. ამ კატეგორიის წამლების მიღებამ არამიზნობრივად ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს, ამიტომ ისინი მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა.
საქართველოში დღეიდან, 11 აპრილიდან ექიმები ვალდებული იქნებიან მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწერონ.
ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ: რა უნდა ვიცოდეთ თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე>>
გენერიკი – სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ისეთ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც მწარმოებელი კომპანიის მიერ დაპატენტებული წამლის შემადგენლობის იდენტურია. გენერიკი იწარმოება და იყიდება პატენტის ვადის გასვლის შემდეგ.
სისტემა მომხმარებელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს, მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. ეს სიახლე მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება.
დღეიდან საქართველოში რეცეპტს მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწერენ>>
გარდა ამისა, ღარიბაშვილი შეეხო იმ საკითხსაც, რომ დღეიდან ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესსაც. კერძოდ, „ფორმა N2“ რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მას მხოლოდ ელექტრონული ფორმით გამოწერენ.
პრემიერის თქმით, ამ წესების დანერგვით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ამ კატეგორიის მედიკამენტების არამიზნობრივად გამოყენება. ამ ჯგუფის წამლები ექიმის რეცეპტით გაიცემოდა, მაგრამ ქაღალდზე გამოწერილი რეცეპტის გაკონტროლება საკმაოდ რთული იყო. პრემიერის თქმით, ამ მიზეზის გამო გადაწყდა, რომ ეს პროცესი ონლაინ–ფორმატში წარიმართოს, რათა მონიტორინგი უფრო იოლი გახდეს.
ყველა ახალი ამბავი
0