დღეიდან საქართველოში რეცეპტს მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწერენ

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
გამოწერა
ფარმაცევტულ სფეროში მიმდინარე რეფორმის მიზანი მოსახლეობის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფაა.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოში დღეიდან, 11 აპრილიდან ექიმები ვალდებული იქნებიან მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწერონ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამინისტრო ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს, რომლის მიზანიც ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობა და მოსახლეობის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფაა.
გენერიკი – სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ისეთ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც მწარმოებელი კომპანიის მიერ დაპატენტებული წამლის შემადგენლობის იდენტურია. გენერიკი იწარმოება და იყიდება პატენტის ვადის გასვლის შემდეგ.
დღეიდან სისტემა მომხმარებელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს, მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. ეს სიახლე მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება.
ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ: რა უნდა ვიცოდეთ თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე>>
გარდა ამისა, დღეიდან ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესსაც. კერძოდ, „ფორმა N2“ რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მას მხოლოდ ელექტრონული ფორმით გამოწერენ.
ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.
ყველა ახალი ამბავი
0