საქართველოში 11 აპრილიდან რეცეპტს მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწერენ

© photo: Sputnikაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2022
გამოწერა
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოში 11 აპრილიდან ექიმები ვალდებული იქნებიან მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწერონ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს, რომლის მიზანიც ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობა და მოსახლეობის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფაა.
გენერიკი – სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ისეთ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც მწარმოებელი კომპანიის მიერ დაპატენტებული წამლის შემადგენლობის იდენტურია. გენერიკი იწარმოება და იყიდება პატენტის ვადის გასვლის შემდეგ.

„ფარმაცევტი მომხმარებელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს, მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ეს სიახლე მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება.
გარდა ამისა, 11 აპრილიდან ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესსაც. „ფორმა N2“ რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მას მხოლოდ ელექტრონული ფორმით გამოწერენ.
სამოქმედო გეგმა, რომელიც ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს, კომიტეტის წარმომადგენლებსა და სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს გააცნო.
ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ: რა უნდა ვიცოდეთ თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე>>
ჯანდაცვის კომიტეტმა და მოწვეულმა სტუმრებმა სამოქმედო გეგმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ცვლილებები ფარმაცევტულ ბაზარს უფრო გამჭვირვალეს გახდის, ხოლო ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
უწყების ინფორმაციით, ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.
ყველა ახალი ამბავი
0