„ტრიბუნაა თუ განსასჯელთა სკამი?“ - მოსამართლემ სააკაშვილის ადვოკატებს შენიშვნა მისცა

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია  - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატებმა პროცესის გადატანა ითხოვეს.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე (პირადი საჭიროებებისთვის 8,8 მლნ ლარის გაფლანგვა) მორიგი პროცესი გაიმართა.
სასამართლოს განსასჯელიც ესწრებოდა. სასამართლო პროცესის დასაწყისში ექს-პრეზიდენტს სიტყვა მისცეს. თავისი გამოსვლის ძირითადი ნაწილი სააკაშვილმა დაუთმო მოვლენებს უკრაინაში, რომლის მოქალაქეც არის ამჟამად.
სააკაშვილი პროცესზე ისევ ცნობილი ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას მაისურით მივიდა უკრაინული დროშით და თავისი მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას. სიტყვაში მან აღნიშნა, რომ მაქსიმუმ თვე-ნახევარში საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
სიტყვის დასრულებისთანავე ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლოს დარბაზი დატოვა ისე, რომ არაფერი უთქვამს განსახილველი საქმის თაობაზე.
ზურაბიშვილი: ექს-პრეზიდენტის შეწყალების თემას არ დავუბრუნდები>>
ადვოკატებმა პროცესის გადადება მოითხოვეს. მიზეზად დაასახელეს ერთ-ერთი განსასჯელის – თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატის არყოფნა. ჯანაშიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.
დაცვის მხარის პოზიციამ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია.
„რა გამოვიდა, დღევანდელი სხდომა განცხადების მოსასმენად გავმართე?!“ – იკითხა მოსამართლემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თითოეულ პროცესზე ბრალდებულს საშუალება აქვს, განცხადება გააკეთოს და მას ამაში არავინ ზღუდავს. მოსამართლემ ადვოკატებს მოუწოდა, პროცესი მხოლოდ განცხადებებთან არ გააიგივონ და აღნიშნა, რომ ის არ ჩაატარებს პროცესს მანამ, სანამ არ დარწმუნდება, რომ დაცვის მხარე მტკიცებულებებს სწავლობს.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ არა ხართ თქვენ საქმის განხილვით დაინტერესებული მხარე. მერე გაჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ გრძელდება ეს სხდომა 6 და 7 წელი... დღეს არცერთი მტკიცებულების გამოკვლევა არ ხდება და ხდება პროცესის გადადება. ეს არ არის ხელშეშლა?“ – აღნიშნა მოსამართლემ.
საქმის დეტალები
სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.
ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები.
საქართველოში გერმანიის საელჩომ სააკაშვილის განცხადება უარყო>>
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას, რომელიც დღეს ასევე განსასჯელთა სკამზეა.
პროკურატურამ თვალსაჩინოებისთვის დეტალურად წარმოადგინა სააკაშვილის ხარჯების ნაწილი:
ნახატის შესყიდვა ლონდონში - მერედიტ ოსტრომის ნამუშევარი, რომელიც მკერდით ხატავს - 15.989 ლარი.
სააკაშვილის მიერ დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერხიო კალდერონ ლატასის შრომის, საცხოვრებელი ადგილისა და ესპანეთში დაბრუნების ხარჯები, ასევე მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურება - 191.643 ლარი.
სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროსა და ბილეთების თანხა - 75.181 ლარი.
სასტუმრო მომსახურება და სამკურნალო გახდომის პროცედურები ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის - 26.388 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ბათუმში მარიამ საჯაიასთვის (დეპუტატი) – 6.342 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ალანა გაგლოევასთვის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი) – 6.401 ლარი.
ბილეთების ყიდვა ვერა ქობალიას (ეკონომიკის ყოფილი მინისტრი) მშობლებისა და დისთვის, ნინა ქობალიასთვის - 38.247 ლარი.
ავიალაინერის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის - 503.383 ლარი.
Porsche-ს, Mercedes-ის და Audi-ს დაქირავება ავსტრიაში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასთვის - 58.876 ლარი.
ლიმუზინისა და მინივენის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის ვერონაში ვიზიტის დროს - 45.214 ლარი.
ვერტმფრენის დაქირავება პერუში - 33.204 ლარი.
იახტის დაქირავება პიზაში - 25.237 ლარი.
შვიდი პიჯაკისა და ქაშმირის პალტოს შეძენა მიხეილ სააკაშვილის მიერ ლონდონში - 49.499 ლარი.
ორი კოსტიუმის (ხელით შეკერილი) შეძენა - 7.994,84 ლარი.
ათი მაჯის საათის შეძენა საქართველოსა და ინგლისში - 53.283 ლარი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდება.
ყველა ახალი ამბავი
0