რა უნდა იცოდეთ, თუ ბავშვისთვის ძიძა გჭირდებათ: აუცილებელი რჩევები

© Pixabay / crkmagaპატარა ბიჭუნა კედელზე წერს სიტყვას „დედა“
პატარა ბიჭუნა კედელზე წერს სიტყვას „დედა“ - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2022
გამოწერა
ალბათ ბევრმა ვიცით, რომ არც ჩვენთვისაა კარგი ძიძა მარტივად მოსაძებნი და არც კარგი ძიძისთვისაა ახალი ოჯახი მარტივად შესაგუებელი. ამისთვის ორივე მხარე კარგად უნდა მოვემზადოთ.
„ისე გავზარდე სამი შვილი, რომ არც ძიძა მყოლია, სწავლასაც ვახერხებდი და მუშაობასაც“, — იტყვის მავანი დედა ან დედამთილი. სხვათა შორის, ახლაც ბევრია ისეთი ახალგაზრდა ოჯახი, რომლებიც თვითონ ართმევენ თავს ბავშვების გაზრდასაც, სწავლასაც, მუშაობასაც ახერხებს, ბუნებაში გასვლასაც და სოციალურ ქსელებში აქტივობასაც.
მაგრამ თუ ოჯახს, მიზეზთა გამო, ძიძა სჭირდება, როგორ უნდა მოიქცეს, როგორ უნდა იპოვოს ან შეარჩიოს ადამიანი, რომელსაც, როგორც იტყვიან, თვალდახუჭული ანდობს შვილს?
ამისათვის რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადაიდგას. პირველ რიგში:
მოემზადეთ თავად და შეათანხმეთ ოჯახის წევრებთან, ჩამოაყალიბეთ, ვის ეძებთ, რისთვის ეძებთ და დროის რა პერიოდით. ამასთან განსაზღვრეთ, ძიძა ბავშვთან მარტო იქნება ხოლმე თუ ოჯახის სხვა წევთან ერთად;
მოიძიეთ ინფორმაცია მეგობრებში და ნაცნობებში, ინტერნეტით გაეცანით სამუშაოს მაძიებელი ძიძებისა და სააგენტოების განცხადებებს. ნახეთ, რას წერენ სოციალური ქსელების შესაბამის ჯუფებში, რა პრიორიტეტები და მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეთ სხვა დედებს, ან რა პირობები შეიძლება წამოაყენონ თავად ძიძებმა;
ჩამოაყალიბეთ შეკითხვები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ კონკრეტულ ადამიანებთან ან სააგენტოებში რეკვა. გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ძალიან ბევრ ადამიანთან მოგიწიოთ სატელეფონო თუ პირადი გასაუბრება, გირჩევთ, შეადგინოთ ერთგვარი ანკეტა კითხვებით, კითხვარი, და ყოველი გასაუბრების შემდეგ გააკეთოთ ჩანაწერები;
კანდიდატთან გასაუბრება რომ მის ბინაში ხდებოდეს, ძიძის მაძიებელი მშობელი გაცილებით მეტ ინფორმაციას მიიღებდა მის შესახებ. მაგრამ, როგორც მიღებულია, კანდიდატი თვითონ მიდის სავარაუდო დამსაქმებელთან. ასე რომ, ყურადღება უნდა მიაქციოთ კანდიდატის ჩაცმულობას, სისუფთავისადმი მის დამოკიდებულებას (მაგალითად, სახლში შემოსვლისთანავე გთხოვთ თუ არა ხელის გადაბანას, ან ბახილებს), დააკვირდით, რამდენად ფამილარულია თქვენთან ან ბავშვთან ურთიერთობისას, რა ხასიათს გამოავლენს ბავშვთან პირველი შეხვედრისას;
დაიმახსოვრეთ! ფრთხილად იყავით ადამიანთან, რომელიც პირველივე შეხვედრისას ეცდება მოეფეროს ბავშვს ფიზიკურად ან პირიქით, შენიშვნების მიცემას დაიწყებს.
არ მოგერიდოთ კითხვების დასმა, თუმცა ეს არ უნდა დაემსგავსოს დაკითხვას. სჯობს, რომ საუბარს მსჯელობის ფორმა მისცეთ. წაახალისეთ ადამიანი, რომ გიამბოთ თავისი სამსახურებრივი გამოცდილების, წინა დამსაქმებლებთან ურთიერთობის ან ბავშვების აღზრდის მეთოდების შესახებ. გულღია საუბრით უფრო მეტს შეიტყობთ კანდიდატის ხასიათზე, ვიდრე ნებისმიერი სარეკომენდაციო წერილითა თუ დიპლომით;
არ მოგერიდოთ ჰკითხოთ წინა დამსაქმებლის ვინაობა, სთხოვოთ მისი ტელეფონის ნომერი ან სოციალური ქსელის პროფილი. იცოდეთ, რომ ამ უკანასკნელთან გასაუბრება უხერხული ნამდვილად არ იქნება;
თუ აღმოაჩენთ, რომ კანდიდატი ხშირად იცვლის სამუშაო ადგილს, რა თქმა უნდა, ამან მის არასტაბილურობაზე უნდა დაგაფიქროთ, უფრო დაგაყურადოთ. რეკომენდებულია ძიძობის კანდიდატის სოციალური პროფილის ნახვაც.
გასაგებია, რომ კარგი ძიძა უნდა ერკვეოდეს ბავშვის ფსიქოლოგიაში, მის ასაკობრივ თავისებურებებში, აღზრდის მეთოდებში, უნდა ჰქონდეს გარკვეული ცოდნა სამედიცინო სფეროში და ასევე მუშაობის გამოცდილება. მაგრამ შესაძლოა მსგავსი განათლების არმქონე, ჩვეულებრივი ყოჩაღი გოგო უფრო გამოგადგეთ.
გახსოვდეთ: რეკომენდაცია ბევრს ნიშნავს, მაგრამ საბოლოოდ მშობლის ინტუიცია უფრო გადამწყვეტია. არ მოგერიდოთ! ყველა საკითხი თავიდანვე განიხილეთ.

როგორი უნდა იყოს ძიძა?

ასაკი — ამაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთ ნაწილს ჰგონია, რომ უკეთესია ძიძად 40 წელს გადაცილებული ქალი შევარჩიოთ, რომელსაც საკუთარი შვილები ჰყავს და სხვადასხვა ასაკში მათზე ზრუნვის გამოცდილებაც აქვს.
მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ძიძა ბავშვის დედაზე გაცილებით უფროსი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საქმიან ურთიერთობას ვერ დაამყარებენ. ეს ნამდვილად დასაფიქრებელია, მაგრამ სინამდვილეში კონფლიქტები შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ასაკის ძიძასთან. არჩევანი უნდა გაკეთდეს კრიტერიუმების მიხედვით, სადაც ასაკი მხოლოდ ხაზს უსვამს სხვა პარამეტრებს.
განათლება — ჩვილისთვის უფრო ხშირად მედდის დიპლომის მქონე ადამიანს ეძებენ, ხოლო უფროსი ასაკის ბავშვებისთვის — აღმზრდელის, პედაგოგის დიპლომიანს. მაგრამ დიპლომები და სერტიფიკატები შეგიძლიათ დაივიწყოთ, თუ ერუდირებულ, ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულ, მზრუნველ ადამიანს შეხვდებით;
ჯანმრთელობა — ჩვენთან პრაქტიკულად არაა მიღებული სამედიცინო ცნობების მოთხოვნა. ამასთან ისინი შესაძლოა არაინფორმაციულიც იყოს. ამიტომ ამის შესახებ თავად კანდიდატს უნდა ჰკითხოთ და დააკვირდეთ კიდეც მას. მაგალითად, თუ შენიშნავთ მოძრაობაში მოუხერხებელობას (ვთქვათ, წონის გამო), ქოშინს, სახის შეშუპებას, ზურგის პრობლემებს (რაც შეიძლება გამოიხატებოდეს სიარულის ან სკამიდან ადგომის დროს), უნდა იფიქროთ, რომ ასეთი ძიძა აქტიურად ვერ ითამაშებს ბავშვთან, ვერ დაჯდება იატაკზე, გაუჭირდება ბავშვის ხელში აყვანა, ველოსიპედით მისი ტარება... თუ ძიძას სმენის ან მხედველობის პრობლემები აქვს, ესეც წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ.
გახსოვდეთ! წინასწარ გაითვალისწინეთ და შეათანხმეთ ძიძასთან, რომ თუ მოულოდნელად საჭირო გახდება, რომ სამუშაო საათების შემდეგაც დარჩეს ბავშვთან, ამან პრობლემა არ უნდა შექმნას. ასევე წინასწარ უნდა შეათანხმოთ დასვენების დღეები, შვებულება ან აგარაკზე წამოყოლა.

გასაუბრების შემდეგ

თუ გასაუბრების შემდეგ შეარჩევთ ადამიანს, რომელსაც ანდობთ პატარას, ეს ჯერ კიდევ არაა საკმარისი იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოთ.
გაითვალისწინეთ:
არ იჩქაროთ. სთხოვეთ კანდიდატს, დაგთანხმდეთ გამოსაცდელ პერიოდზე, ვთქვათ ერთი ან ორი კვირით — რა თქმა უნდა, შესაბამისი ანაზღაურების პირობით. ნახეთ, რამდენად შეეგუება ბავშვი ძიძას, ან თავად ძიძა — თქვენს გარემოს.
გამოსაცდელ პერიოდშიც და შემდეგაც იყავით ფხიზლად, დააკვირდით ბავშვის ემოციურ და ფიზიკურად მდგომარეობას. თუ ბავშვი შედარებით უფროსი ასაკისაა, გამოკითხეთ, რას აკეთებდა მთელი დღე. პერიოდულად, თავის დასამშვიდებლად, „მოულოდნელად“ დაბრუნდით შინ, ან „შემთხვევით“ შეხვდით სეირნობისას.
თუ გადაწყვეტთ, რომ აუცილებელია ვიდეომონიტორინგი, სჯობს ძიძა წინასწარ ჩააყენოთ საქმის კურსში. ვიდეოდაკვირვება მარტო თქვენ კი არ გამოგადგებათ იმის გასაკონტროლებლად, თუ რა ხდება თქვენს სახლში უთქვენოდ, არამედ შესაძლოა ძიძასაც დასჭირდეს სხვადასხვა სიტუაციის განმარტებისას.
თქვენ მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ბავშვის უსაფრთხოებასა და კარგად ყოფნაზე უნდა იყოს ორიენტირებული. თუ კამერების საშუალებით ან მათ გარეშე რაიმე პრობლემას აღმოაჩენთ, აუცილებლად ინდივიდუალურად გაესაუბრეთ ძიძას, რათა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე ერთობლივად იზრუნოთ.
დაბოლოს: ერთნი ამტკიცებენ, რომ ძიძა ძალიან არ უნდა გავიშინაუროთ, არ უნდა ვაგრძნობინოთ თავი როგორც საკუთარ სახლში, ვინაიდან ეს მისი მხრიდან სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კონფლიქტის მიზეზი გახდება.
მეორენი კი ირწმუნებიან, რომ თუ ძიძას ოჯახის წევრად ვაგრძნობინებთ თავს და შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენც ვიზრუნებთ მასზე და მის ოჯახზე, ვაგრძნობინებთ, რომ ვენდობით, ვაფასებთ და მადლიერი ვართ, ეს მხოლოდ დადებითად წაგვადგება ჩვენც და ჩვენს შვილებსაც — ვინაიდან ფასდაუდებელ მეგობარსა და ჩვენი შვილის გულშემატკივარს შევიძენთ.
არ გამოტოვოთ:
სენსორული შიმშილი ბავშვებში - რატომ ყრიან პატარები ყველაფერს ძირს
ამოიცანით, ჩაგრავენ თუ არა თქვენს შვილს: ბულინგის ნიშნები ბავშვებში
ძილის ტრენინგი: როგორ მოვიქცეთ, თუ პატარას ღამე არ სძინავს?
უნდა ვატაროთ თუ არა ბავშვი ფეხშიშველი, ანუ როდის მივმართოთ ორთოპედს
ყველა ახალი ამბავი
0