ამოიცანით, ჩაგრავენ თუ არა თქვენს შვილს: ბულინგის ნიშნები ბავშვებში

© Pixabay / Greyerbabyმოწყენილი ბავშვი
მოწყენილი ბავშვი  - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
სამწუხაროდ, ჩაგვრა/აბუჩად აგდება, ანუ ბულინგი მნიშვნელოვანი პრობლემაა ბავშვებსა და მოზარდებში — არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში.
თურმე ამერიკელი ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით 160.000 ბავშვი, ყოველდღიურად უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე, რადგან თანატოლების მხრიდან გამოვლენილი აგრესიის შიში აქვს.
დაშინებამ კი ბავშვში შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ მომენტალური ემოციური სირთულეები, არამედ ამან შეიძლება მნიშვნელოვანი გრძელვადიანი უარყოფითი გავლენაც მოახდინოს თვითშეფასებაზე. უფრო მეტიც, ბავშვი შეიძლება ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებამდე და სუიციდამდეც კი მიიყვანოს.
რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენს შვილზე ძალადობენ, ან ის მოწმეა იმისა, თუ როგორ ძალადობენ მის მეგობარზე?
არ გამოტოვოთ: დაგეგმილი ბედნიერების სტრესი - რვა რამ, რაც ბავშვს ნამდვილად სჭირდება
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ბულინგი, რა ტიპის შეიძლება იყოს ის და როგორ უნდა ამოვიცნოთ მისი ნიშნები ბავშვის ქცევაში.
ბულინგი (ჩაგვრა/აბუჩად აგდება) შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე გზით:
სიტყვიერი ბულინგი — შეურაცხყოფა, როგორიცაა სახელის დამამცირებელი გადაკეთება, მუქარა, ჭორების გავრცელება, უხეში კომენტარები პიროვნულ განსხვავებებზე (რასა, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, რელიგია, მეტყველების აქცენტი, შეზღუდული შესაძლებლობები და ა.შ.)
ფიზიკური ბულინგი — ფიზიკური აგრესია და თავდასხმები, ზიანის მიყენება ბავშვისთვის და ასევე მისი პირადი ნივთებისთვის;
კიბერბულინგი — შევიწროება, რომელიც ხდება ინტერნეტის, სოციალური მედიის, მობილური ტელეფონის საშუალებით;
სექსუალური ბულინგი — არასასურველი, არასასიამოვნო შეხება, შეურაცხყოფა ადამიანის გარეგნობის და სექსუალური რეპუტაციის გამო;
სოციალური ბულინგი — ბულინგი სოციალურ მდგომარეობასთან მიმართებაში, ანუ გარიყვა, ჭორების გავრცელება, დაშანტაჟება, მანიპულირება და ა.შ.
არ გამოტოვოთ: როგორ ამოვიცნოთ ბავშვებში ყველაზე გავრცელებული დარღვევა - სიმპტომები და რჩევები
მიუხედავად იმისა, რომ ბულინგის ყველა შემთხვევა განსხვავებულია, მათი გავლენა ბავშვებზე მსგავსია. უფროსებმა უნდა შეძლონ ბულინგის ნიშნების დანახვა და ბავშვის დახმარება, რაც მას ძალიან სჭირდება.
ვიცით, რომ ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ არსებობს რამდენიმე საერთო ქცევა, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვით, არის თუ არა ბავშვი ბულინგის მსხვერპლი.
ესენია:
ბავშვს განწყობაში ან ხასიათში ცვლილებები აქვს,
არის შესამჩნევად სევდიანი, აღელვებული ან შეშინებული,
დაქვეითებული აქვს თვითშეფასება, განსაკუთრებით, სოციალურ ურთიერთობებში,
თავს არიდებს სკოლაში წასვლას ან თანატოლებთან თამაშს,
ან, პირიქით, თავად იწყებს სხვა ბავშვების დაშინებას,
აქვს ფიზიკური ტრავმის ნიშნები,
„კარგავს“ ნივთებს.
თუ შვილს ეს ნიშნები შეამჩნიეთ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება და ფრთხილად გადაამოწმოთ, ხომ ყველაფერი კარგადაა სახლში ან სახლს გარეთ.
მცირეწლოვან ბავშვებში ბულინგის ნიშანი ასევე შეიძლება იყოს მადის დაკარგვა ან, პირიქით, მადის გაძლიერება, ძილის პრობლემები, კოშმარები და სხვ.
არ გამოტოვოთ: „სად წავიდა?“ - როგორ ავუხსნათ ბავშვს, სად „მიდიან“ საყვარელი ადამიანები
თუ ბულინგის ნიშნებს დროულად ამოიცნობთ, ეს ჩაგვრის შეჩერებაში დაგეხმარებათ — მანამ, სანამ ბავშვს მნიშვნელოვანი ემოციური ტრავმები მიადგება.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი მშობელი აღელდება, თუ ეჭვს მიიტანს, რომ მის შვილზე ვიღაც ძალადობს, ჩაგრავს და აბუჩად იგდებს. ასეთ დროს მან შესაძლოა დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგას და კიდევ მეტი პრობლემები შექმნას.
ამიტომ კარგად დაიმახსოვრეთ, რა არ უნდა გააკეთოთ:
არ ჩავთვალოთ, რომ მოძალადის საქციელი საყურადღებო არაა, ან საპატიებელია! გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვისთვის ეს პრობლემაა, მშობლის მხრიდან არასათანადო ყურადღებას შვილთან დაშორება მოჰყვება და მას უკვე გაუჭირდება თქვენთვის გულის გადაშლა;
ნუ აიღებთ თავზე პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრას! ჯერ მოუსმინეთ ბავშვს, მასთან ერთად განიხილეთ მდგომარეობის გამოსწორების გზები. ნუ ურჩევთ ბავშვს, რომ პრობლემა ძალადობრივი გზით გადაჭრას და ნურც თავად შეეცდებით საქმის ამ გზით მოგვარებას;
არ დაიწყოთ შვილის დამცირება და ცალსახად დადანაშაულება.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, საიდან დაიწყოთ, რა ნაბიჯები გადადგათ, როგორ დაეხმაროთ ბავშვს, გაითვალისწინეთ შემდეგი:
აკონტროლეთ ემოციები და ისაუბრეთ შვილთან — დაუსვით ფრთხილი და დელიკატური კითხვები. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ჯობს ბავშვს არაპირდაპირი კითხვები დაუსვათ, რომლებიც საჭირო პასუხამდე მიგიყვანთ. ასეთებია: „წელს ვისთან მეგობრობ სკოლაში?“ „არიან ბავშვები, რომლებთანაც უფრო მეტს კამათობ?“ „ვისთან ერთად თამაშობ დასვენებაზე, ან ვისთან არ გიყვარს გართობა სკოლის გარეთ?”
არ გამოტოვოთ: ძილის ტრენინგი - როგორ მოვიქცეთ, თუ პატარას ღამე არ სძინავს?
ასეთ ბუნებრივ საუბარში შესაძლოა ბავშვმა უფრო მეტი მოგიყვეთ. ამიტომ არ შეაწყვეტინოთ თხრობა, მოუსმინეთ ბოლომდე.
სპეციალისტების მეორე ნაწილის რჩევაა, რომ ბავშვს პირდაპირი კითხვები დაუსვათ, რადგან ბავშვები გახსნილობას ძალიან აფასებენ.
თუმცა მშობლის ტაქტიკა დამოკიდებული უნდა იყოს როგორც მისი, ისე შვილის ხასიათზე, ასევე მათ შორის ურთიერთობაზე. მთავარია, ბავშვმა დაინახოს, რომ დედა/მამა მისი მხარდამჭერი, სანდო მეგობარი და ღირსეული ადამიანია.
ითანამშრომლეთ სკოლასთან — თუ შვილისგან გულწრფელ პასუხებს იღებთ, მაგრამ ის კვლავაც დაძაბულია, ცოტა შორიდან შემოუარეთ და მასწავლებელს გაესაუბრეთ. გაუზიარეთ მას თქვენი შეშფოთების მიზეზები და ჰკითხეთ, ხომ არ შეუნიშნავს რაიმე საეჭვო. სთხოვეთ, რომ მომავალში აუცილებლად გაცნობოთ თავისი დაკვირვებები და მოსაზრებები.
გახსოვდეთ! მართალია, სკოლა ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო და უფრო აქტიური ხდება, მაგრამ არ უნდა გქონდეთ იმის მოლოდინი, რომ მშობლების აქტიური ჩართულობის გარეშე ის ყველა ბავშვის დაცვას შეძლებს.
მოიძიეთ პროფესიული დახმარება შვილისთვის — თუ ბავშვის ქცევასა და ხასიათში ცვლილებას ამჩნევთ, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა უტყუარი მტკიცებულება ბულინგის თაობაზე, მაშინვე დაიწყეთ პროფესიული დახმარებისთვის, კონსულტაციისთვის ვარიანტების ძიება. ბავშვებმა შეიძლება თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ არა მშობელთან, არამედ სხვა ადამიანთან საუბრისას. ეს შეიძლება იყოს სოციალური სამსახური, ფსიქოლოგი, სასულიერო პირი და სხვ.
დაეხმარეთ ბავშვს სიტუაციასთან გამკლავებაში — ხელი შეუწყვეთ, რომ ბავშვი იყოს თავდაჯერებული. შეუქმენით ისეთი სოციალური გარემო, სადაც მას საკუთარ თავში საუკეთესო თვისებების აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობა მიეცემა. იქნება ეს სპორტის რომელიმე სახეობა, მუსიკა, თეატრალური თუ სახელოვნებო აქტივობები.
კარგი ქცევისთვის აუცილებლად შეაქეთ ხოლმე, ხოლო მიუღებელი ქცევების მიზეზები და შედეგები მასთან ერთად განიხილეთ. ოჯახის სხვა წევრებთან და თანატოლებთან მყარი მეგობრული ურთიერთობები ბავშვს ბევრი დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარება.
ბავშვი უნდა იყოს თამამი, ლაღი და არ შეუშინდეს ახალ გამოწვევებს. მიეცით მას საშუალება, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.
რაც შეეხება კიბერბულინგს, დღეს ჩვენც კი, უფროსებს ნაკლებად გვაქვს გამიჯნული ონლაინ და რეალურ სივრცეში არსებული სანაცნობო წრე. ასეა ბავშვებშიც. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ბულინგმა სკოლის ეზოდან სოციალურ ქსელში (და პირიქით) გადაინაცვლოს. მით უმეტეს, რომ მოზარდები უფრო კარგად ერკვევიან ონლაინ კომუნიკაციაში, ვიდრე უფროსები. გამომდინარე აქედან, მათ შეუძლიათ ისე მართონ ინტერნეტ-კომუნიკაციები, რომ უფროსებმა ეს ვერც კი აღმოაჩინონ. ამ შემთხვევაში მოძალადის იდენტიფცირება და მისგან თავის დაცვა ბევრად რთულია.

რა უნდა ვასწავლთ ბავშვებს

ასწავლეთ ბავშვებს, რომ ინტერნეტი უსაფრთხო არ არის და მას სწორად გამოყენება სჭირდება. აუხსენით, რომ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია დიდხანს, წლების განმავლობაში ინახება, ამიტომ ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით სწორად უნდა ისარგებლოს: ურთიერთობისას იყოს ზრდილობიანი, არ გამოიყენოს უხეში და შეურაცხმყოფელი სიტყვები, არ გაავრცელოს ჭორები.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის რეკომენდაციაა – აუხსენით ბავშვს, რომ:
სოციალურ ქსელებში ჯობს დაიმეგობროს მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაც რეალურად იცნობს,
არავის გაანდოს, არ გაასაჯაროვოს საკონტაქტო ინფორმაცია, სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, არანაირი პაროლი, ბანკის ანგარიშის ნომერი და ა.შ.
თავი აარიდოს კონფრონტაციას, თუ ვინმე შეურაცხყოფას აყენებს,
არ გახსნას უცხო პირებისგან მიღებული ელექტრონული წერილები და ბმულები.
დაბოლოს, აუცილებელია მშობელმაც იცოდეს და შვილსაც ასწავლოს, სად უნდა დარეკონ, თუ მათ ემუქრებიან ან აშანტაჟებენ:
- 15 05 — საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი;
- 116 - 006 — ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი;
- 116 - 111 — ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი;
- 2 100 229 — ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი;
- 112 — საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი.
ყველა ახალი ამბავი
0