„სად წავიდა?“ - როგორ ავუხსნათ ბავშვს, სად „მიდიან“ საყვარელი ადამიანები

CC BY 2.0 / DVIDSHUB / Christmas love from a child to a fallen heroბავშვი სასაფლაოზე
ბავშვი სასაფლაოზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2022
გამოწერა
ამ თემაზე ნაკლებად იწერება, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვს საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. როგორ ავუხსნათ მას, რა მოხდა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ექიმი-პედიატრი მაია ბუჩუკური განგიმარტავთ
ახლობელი ადამიანის გარდაცვალება ძალზე მტკივნეული და რთული გამოცდაა ყველასთვის.
როგორ გადააქვთ ეს დანაკარგი ბავშვებს? რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ, რა ვუთხრათ, როგორ ვუთხრათ, როგორ დავეხმაროთ მათ?
მახსენდება საკუთარი თავი, როდესაც ჩემი ქმრის გარდაცვალების ამბავი შევიტყვე ტელევიზიით. სამწუხაროდ, ეს მოხდა მაშინ, როდესაც მარტო ვიყავი წლინახევრის შვილთან ერთად. გულახდილად გეტყვით, პირველი, რამაც თავში გამიელვა, იყო ის, რომ ისეთი რამ არ ჩამედინა, რაც ბავშვს სამუდამოდ მძიმე ტრავმად დარჩებოდა.
ეს ალბათ დედის ინსტინქტი იყო...
ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც აღმოჩენილა ბავშვების პირისპირ ახლობელი ადამიანის გარდაცვალებაზე სასაუბროდ, ყველა დამეთანხმება, რომ საუბრის დაწყება, საკუთარი ემოციების გაკონტროლება და საჭირო სიტყვების მოძებნა წარმოუდგენლად მძიმეა.
ზოგი ფიქრობს, რომ ბავშვებმა შეიძლება ვერც აღიქვან დანაკარგი, მაგრამ ეს ასე არაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ბავშვები განსხვავებულნი არიან ასაკის, ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ახლობელ ადამიანთან დამოკიდებულებებით.
არ გამოტოვოთ: როგორ ამოვიცნოთ ბავშვებში ყველაზე გავრცელებული დარღვევა: სიმპტომები და რჩევები
ფსიქოლოგების განმარტებით:
0-2 წლის ასაკში ახლობელ ადამიანთან დაშორება ბავშვისთვისაც სტრესია. მით უმეტს, როდესაც იცვლება ოჯახის სხვა წევრების განწყობა და რუტინა, ბავშვი ხდება უფრო კაპრიზული და მშფოთვარე.
3-5 წლის ასაკში ბავშვი ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რომ გარდაცვალება — ეს საბოლოოა და შეიძლება მუდმივად იკითხოს: „სად წავიდა?“ „როდის მოვა?“ შეიძლება იმასაც ფიქრობდეს, რომ ეს მისი ბრალია: „აღარ დაბრუნდება იმიტომ, რომ მე გავაბრაზე?“
შინაგანი სტრესის გამო შეიძლება ბავშვის ქცევა იყოს რეგრესული, დაემსგავსოს ასაკით უმცროსის ქცევას (მომეტებული ემოციურობა, ენურეზი და ა.შ), შესაძლოა განაგრძოს ცხოვრება ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარა — თავი მოგვაჩვენოთ, რომ მისთვის ეს ყველაფერი სულერთია.
6-11 წლის ბავშვი უკვე ხვდება, რომ ახლობელი ადამიანი შეიძლება აღარასდროს დაბრუნდეს, რომ ეს შეიძლება დაემართოს ყველას. შესაბამისად ხშირად აქვს შიშები, რომ სხვა ახლობლებიც დატოვებენ და ამიტომ მუდმივად აქვს სურვილი, ახლოს იყოს საყვარელ ადამიანებთან.
არ გამოტოვოთ: როგორ განვუვითაროთ 3 წლამდე ბავშვს ინტელექტი: სპეციალური მარტივი თამაშები
ამ ასაკში ბავშვს აქვს კონკრეტული კითხვები: „რა დაემართა?“ „როგორ მოხდა ყველაფერი?“ ხშირად იჩენს აგრესიას და აყენებს ფიზიკურ ტკივილს საკუთარ თავს ან გარშემომყოფებს.
12 წლისა და უფროსი ასაკის მოზარდი უკვე აცნობიერებს, რომ გარდაცვალება შეუქცევადია. მას აინტერესებს, რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა, იჩენს ინტერესს ისეთი ცნებების მიმართ, როგორებიცაა სამართლიანობა და უსამართლობა, ტყუილი და მართალი.
ამ დროს შესაძლებელია მოზარდი გახდეს ინდიფერენტული ან აგრესიული, შესაძლებელია „დაუმეგობრდეს ქუჩას“, ან ეცადოს თავის თავზე აიღოს გარდაცვლილი ოჯახის წევრის როლი და ოჯახზე მზრუნველობაც კი.
და ისევ კითხვები: როგორ მოვიქცეთ, რა ვუთხრათ, როგორ ვუთხრათ, როგორ დავეხმაროთ ბავშვებს?
არ გამოტოვოთ: სწორი სათამაშოს შერჩევის 7 ოქროს წესი: აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები
აი, რას გვირჩევენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების — „ბავშვთა დაცვა — გლობალური დაცვის ქსელისა“ და „ფსიქოლოგიური დახმარების და მენტალური ჯანმრთელობის გაერთიანების“ ფსიქოლოგები, რომელთა მოსაზრებებს თითქმის ყველა სპეციალისტი იზიარებს:
მოვემზადოთდა ვუთხრათ ბავშვებს სიმართლე მათთვის გასაგებ ენაზე, არ დავმალოთ და დიდი ხნით არ გადავდოთ ეს საუბრები;
პირველი საუბარი უნდა შედგეს მშვიდ და წყნარ გარემოში. შესაძლოა, ბავშვებმა რთული კითხვები დაგვისვან, ამიტომ მოვემზადოთ ფსიქოლოგიურად და თუ რომელიმე კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, ესეც გულწრფელად ვუთხრათ;
მივცეთბავშვებს დრო გასააზრებლად და გავნაგრძოთ საუბრები;
არ არსებობს „სწორად“ გლოვის წესები. ის აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ბავშვში ცვლილებების მიმართ: იქნება ეს გრძნობები, მსჯელობა და აზრები, ქცევები თუ ფიზიკური მდგომარეობა;
ტრაური მნიშვნელოვანია. შესაძლოა ყველა ოჯახს თავისი წესები ჰქონდეს, მაგრამ ყველა რელიგიასა და კულტურაში ტრაური მოიცავს გარდაცვალების არსის აღქმას, ხსოვნის პატივისცემას და ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნების აუცილებლობას. მიეცით ბავშვებს უფლება, მიიღოს მონაწილეობა ოჯახურ რიტუალებსა და ცერემონიებში. სახლში უნდა იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელია გარდაცვლილი ახლობლის სურათის ან ნივთის განთავსება, სადაც შესაძლებელია მისვლა და ფიქრი. მაგრამ ეს უნდა იყოს მომცრო ან შედარებით მყუდრო ადგილი საცხოვრებელ სივრცეში.
მსგავს შემთხვევებში ფსიქოლოგიური დახმარების შესახებ საკმაოდ სქელტანიანი ნაშრომები და წიგნებია დაწერილი, რაც დაინტერესებულმა ადამიანებმა შეიძლება დამოუკიდებლადაც მოიძიონ, ან საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ ფსიქოლოგებს.
არ გამოტოვოთ: რა უნდა შეიძინოთ ერთ წლამდე ბავშვის განსავითარებლად: პედიატრი გირჩევთ
თუმცა შესასრულებლად უმთავრესი ამოცანები ასე გამოიყურება:
ბავშვი უნდა იყოს სიყვარულით და მზრუნველობით გარემოცული;
პატარა ბავშვებთან უნდა გვქონდეს ხშირი და ნაზი ფიზიკური კონტაქტი (მოფერება, სიმღერა, დარწევა...);
რამდენადაც შესაძლებელია, უნდა შევინარჩუნოთ ჩვეულებრივი ცხოვრებისეული წესები, იქნება ეს სახლის მოწესრიგება, სასკოლო დავალებების შესრულება, ფიზიკური ვარჯიში თუ თამაშები;
ბავშვისა თუ მოზარდის გამომწვევ და რეგრესიულ ქცევებს შევხვდეთ გაგებით და საპასუხოდ არ დავიწყოთ დამსჯელი ღონისძიებების გატარება;
შევატყობინოთ ბავშვის მეგობრებს, თანატოლებსა თუ მასწავლებლებს მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რათა მათ მისი მხარდაჭერა შეძლონ;
მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა, გამოიჩინოს მზრუნველობა უფროსების მიმართ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ძალდატანებითი და უსიამოვნო ბავშვისთვის;
უფროსებმა ვიზრუნოთ ჩვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ვინაიდან თუ საკუთარ თავში ჩავიკეტებით და მძიმე დეპრესიაში აღმოვჩნდებით, ვერც პატარებზე ვიზრუნებთ.
ყველამ ვიცით, რომ სულიერი წონასწორობის აღდგენას დრო სჭირდება. მაგრამ გახსოვდეთ: ბავშვებში ამგვარი აღდგენა უფრო სწრაფად ხდება, თუ მზრუნველი ადამიანები უჭერენ მხარს, ყოველთვის მზად არიან, მოუსმინონ და დაეხმარონ მას.
ყველა ახალი ამბავი
0