როგორ ამოვიცნოთ ბავშვებში ყველაზე გავრცელებული დარღვევა: სიმპტომები და რჩევები

© Pixabay / leemurry01პატარა გოგონა ყვირის
პატარა გოგონა ყვირის - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
გამოწერა
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სოციალური პროგრამების სპეციალისტი, ექიმი-პედიატრი მაია ბუჩუკური მშობლებს ბავშვებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე ესაუბრება
ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომია (ADHD).
როგორც კვლევებით დგინდება, მაგალითად, აშშ-ში, ADHD მთელი მოსახლეობის 3-5%-ში გვხვდება. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ პრობლემა ბიჭებში უფრო ხშირად იჩენს თავს, ვიდრე გოგონებში.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ნეირობიოლოგიური ხასიათისაა, რა დროსაც თავის ტვინში ნერვული იმპულსების გადაცემაა დარღვეული. რა თქმა უნდა, ცელქი ბავშვების მშობლების შეშფოთება არ გვინდა, მაგრამ სჯობს, ყურადღებით ვიყოთ.
სინდრომის დიაგნოზს სვამს არა ერთი სპეციალისტი, არამედ მულტიდისციპლინური გუნდი − სპეციალური კითხვარისა და ტესტების გამოყენებით. გუნდი შედგება პედიატრის, ნევროლოგის, ფსიქოლოგისა და პედაგოგისგან. საჭიროების შემთხვევაში ერთვება ოკუპაციური თერაპევტი და ასევე მეტყველების თერაპევტი.
აუცილებელია მოხდეს დიფერენციალური დიაგნოსტიკა სხვა დაავადებებთან, რომლებსაც შეიძლება მსგავსი სიმპტომები ახასიათებდეს.
დღეისთვის საქართველოში უკვე ბევრი ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც სპეციალისტთა მულტიგუნდი ბავშვს შეაფასებს, დასვამს დიაგნოზს და შეადგენს ბავშვის ინდივიდუალურ გეგმას.
ბავშვის აღზრდის ყველაზე პოპულარული რვა მეთოდი: რომელს ირჩევთ თქვენ?>>
მშობლებმა ამ სინდრომზე ეჭვი ადრეულ ასაკშივე უნდა მიიტანონ, თუ ბავშვი არის: ზედმეტად აგზნებული და იმპულსური, განსაკუთრებით მგრძნობიარეა სხვადასხვა გამღიზიანებლების მიმართ (სინათლე, ხმაური), ძნელად იძინებს ან ცოტა სძინავს, ახასიათებს ქაოტური მოძრაობები, მოუხერხებელია.
პრობლემა უფრო ხშირად მაშინ ვლინდება, როდესაც ბავშვი სკოლაში შედის. როდესაც მასწავლებლები ან სხვები ბავშვის მშობელს ეუბნება, რომ მისი შვილი ძალიან ცელქია, აფუჭებს ნივთებს, უყურადღებოა დავალებების შესრულების დროს, მშობელთა ერთი ნაწილი ბავშვს უბრაზდება, მეორე ნაწილი არ იჯერებს ნათქვამს და ფიქრობს, რომ მასწავლებელი აჭარბებს, მესამე ნაწილი შფოთავს და მაშინვე იწყებს სხვადასხვა სპეციალისტთან ბავშვის ტარებას.
ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა მშობელმა კარგად იცოდეს ADHD სინდრომის ძირითადი ნიშნები, რათა სწორი დასკვნები გააკეთოს და შესაბამისად იმოქმედოს.
გახსოვდეთ, თქვენს შვილს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD) აქვს, თუ:
უჭირს ერთ საკითხზე კონცენტრირება, მალევე ივიწყებს დაწყებულ საქმეს და გადადის სხვა საქმეზე;
ბავშვი თითქოს არ გვისმენს, მაშინაც კი, როცა უშუალოდ მას მივმართავთ;
არ ასრულებს დავალებებს, რომელთა შესასრულებლადაც კონცენტრირებაა საჭირო;
გულმავიწყია ყოველდღიურ საქმიანობებში;
ერთდროულად იწყებს რამდენიმე საქმეს და ბოლომდე ვერ მიჰყავს;
გაფანტული აქვს ყურადღება, ვერ ფოკუსირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარემოში სხვა გამღიზიანებლებია;
ხშირად კარგავს ნივთებს, გულმავიწყია;
არ შეუძლია ლოდინი, რიგში დგომა;
ბევრს ცქმუტავს, მუდმივად წრიალებს;
საჭიროებს მუდმიც მეთვალყურეობას;
არ შეუძლია მაგიდასთან წყნარად ჯდომა;
სისტემატურად ესაუბრება გარშემომოყოფებს;
აწვალებს ნივთებს;
მუდმივად იქნევს ხელებსა და ფეხებს;
არ ფიქრობს, სანამ რამეს ჩაიდენს;
ზოგ შემთხვევაში აგრესიულია და შემტევი;
ხშირად ყვირის უადგილოდ და იძლევა არაადეკვატურ პასუხებს;
ბევრს ლაპარაკობს;
უცებ წამოხტება და გარბის;
უყვარს სიმაღლეზე აძრომა, აცოცება.
დააკვირდით თქვენი ბავშვის ქცევას სახლში, ეზოში, თანატოლებთან, ესაუბრეთ მასწავლებელს. გახსოვდეთ, თუ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთი რომელიმე სიმპტომი ვლინდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს მაინცდამაინც ADHD აქვს. მაგრამ თუ ერთდროულად რამდენიმე სიმპტომს შენიშნავთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტებს.
თუ განქორწინებას აპირებთ: როგორ გავუმხილოთ შვილს გაყრის ამბავი - ფსიქოლოგი გირჩევთ
რა თქმა უნდა, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში რეკომენდაციები სხვადასხვაა, მაგრამ სპეციალისტები ჰიპერაქტიური შვილების მშობლებს რამდენიმე ზოგად რჩევას სთავაზობენ, რომელთა გათვალისწინებაც მათ პრობლემასთან მალე გამკლავებაში დაეხმარება.
ეს რეკომენდაციები ასე გამოიყურება:
იყავით თანმიმდევრული, ორგანიზებული, თავდაჯერებული;
შეუქმენით შვილს შესაფერისი გარემო, სამეცადინო კუთხე მოუწყეთ მყუდრო ადგილას, გარეშე სტიმულებისგან მოშორებით; კლასში კი დასვით მასწავლებელის მაგიდასთან ახლოს, ფანჯრისგან მოშორებით;
ბავშვთან ერთად შეადგინეთ მთელი დღის განრიგი, აწარმოეთ ჩანაწერები და ბავშვსაც ასწავლეთ, როგორ უნდა გააკეთოს ეს;
ელაპარაკეთ ბავშვს მოკლე ფრაზებით, კონკრეტულად; თუ ბავშვი არ გემორჩილებათ, მშვიდად და აუღელვებლად გაუმეორეთ სათქმელი;
ბავშვის მოძრაობებს მიეცით შინაარსობრივი დატვირთვა. თუ ის ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, მიეცით მოძრაობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები, ხელი შუწყვეთ მის დაგეგმილ ფიზიკურ აქტივობას, ვარჯიშს;
საუბრის დროს უყურეთ თვალებში;
დაყავით ბავშვისთვის მიცემული დავალება მცირე ნაწილებად;
ამეცადინეთ უფრო ზეპირად, ვიდრე წერით; დაეხმარეთ კონსპექტის გაკეთებაში და სამუშაოს დაგეგმვაში;
კომპიუტერი დაიხმარეთ ზომიერად;
იყავით ყურადღებიანი და არ დაგავიწყდეთ ბავშვის შექება;
იყავით პოზიტიური − მშობლის კარგი გუნება-განწყობა დადებითად აისახება ბავშვებზე;
ითანამშრომლეთ მასწავლებელთან, გაიზიარეთ მისი რჩევა-მოსაზრებები.
ყველა ახალი ამბავი
0