უნდა ვატაროთ თუ არა ბავშვი ფეხშიშველი, ანუ როდის მივმართოთ ორთოპედს

© Pixabay / katerinakucherenkoფეხშიშველი ბავშვი
ფეხშიშველი ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
გამოწერა
„ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე – რაა მამული?!“ − ამ სტრიქონის წაკითხვისას ალბათ ყველას ეუფლება სიამოვნების განცდა. მე პირადად ასე ვარ − რბილ ბალახზე ფეხშიშველა სიარულის წარმოდგენისას...
მაგრამ რამდენად სასარგებლოა ბავშვებისთვის ფეხშიშველა სიარული? ან როგორი ფეხსაცმელი უნდა შევურჩიოთ მას და მოქმედებს თუ არა ფეხსაცმელი ტერფის ფორმის ჩამოყალიბებაზე?
თანამედროვე შეხედულებით, შიშველი ფეხებით სიარული ხელს უწყობს ტერფის განვითარებას. თუ ბავშვი ხშირად დატანტალებს უსწორმასწორო და უხეშ ზედაპირებზე – ბალახზე, მიწაზე, ქვიშაზე, კენჭებზე, ხის მორებზე, დაძვრება შვედურ კედელზე, როდესაც ფეხის ტერფის სხვადასხვა ნაწილით სხვადასხვა ძალით ეყრდნობა სხვადასხვა ზედაპირს, მისი კუნთები უფრო მეტად ვითარდება ვიდრე იმ ბავშვისა, რომელიც მუდმივად სწორ და გლუვ ზედაპირზე დადის და ფეხზეც მაგარძირიანი ფეხსაცმელი აცვია. და არა მარტო კუნთები, ამ დროს ვარჯიშდება სახსრებიც და ნერვული სისტემაც.
არ გამოტოვოთ: მანამდე არა! როდის შეიძლება ბავშვის თხილამურებზე დაყენება
როგორც უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი წერს, ფეხსაცმელს აქვს სამი ფუნქცია:
1.
დაიცვას ბავშვი ტრავმებისგან,
2.
გაათბოს, როდესაც სცივა;
3.
არ ინერვიულოს ბებომ.
ბავშვთა ორთოპედების ევროპული საზოგადოების წევრი, ტერფის პათოლოგიების ცნობილი ექიმი ვლად კენისი კი მიიჩნევს, რომ:

„ფეხსაცმელი ისეთივე აუცილებელია ტერფის კარგი ფორმის ჩამოყალიბებისთვის, როგორც ქუდი თავის ლამაზი ფორმის განვითარებისთვის“.

მოკლედ, თუ შეამჩნევთ, რომ წლამდე ბავშვს ბრტყელი ტერფი აქვს, არ შეგეშინდეთ და არ იჩქაროთ სუპინატორიანი ან ორთოპედიული ფეხსაცმლის შეძენა. ამ ასაკში ტერფი ყველა ბავშვს ასეთი აქვს − თაღი თავიდანვე არ არის გამოხატული.
ამასთან უნდა იცოდეთ, რომ სუპინატორიანიცა და ორთოპედიული ფეხსაცმელიც მაშინ არის შედეგის მომტანი, როდესაც ის ინდივიდუალურად იკერება, რადგან ასეთ შემთხვევაში იზომება კონკრეტული ბავშვის ფეხის ზომა, მისი სიმაღლე, შიგნითა თაღის სხვა მახასიათებლები.
არ გამოტოვოთ: როგორ ამოვიცნოთ ბავშვებში ყველაზე გავრცელებული დარღვევა - სიმპტომები და რჩევები
ამასთან აუცილებელი არ არის, რომ ბავშვს შევუძინოთ ისეთი ფეხსაცმელი, რომელსაც უკანა ნაწილი (ქუსლის მხარე) მყარი და იმდენად მაღალი აქვს, რომ კოჭ-წვივის სახსარს ფარავს და მის მოძრაობას ზღუდავს. ასეთი ფეხსაცმელი მხოლოდ დეფორმაციის ან მოძრაობის სხვა პრობლემების დროს ინიშნება ექიმის მიერ.
ხოლო ის, რაც მაღაზიაში იყიდება, ეს არის ჩვეულებრივი საბავშვო ფეხსაცმელი (ანატომიური ფეხსაცმელი), რომელიც ნამდვილად კარგია ახალფეხადგმული ბავშვისთვის, თუ შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და აქვს:
ელასტიკური, მაგრამ არასრიალა ძირი − ანუ, როდესაც ფეხსაცმელს მოხრით, ის უფრო მეტად წინა მესამედში ან მეოთხედში უნდა იკეცებოდეს − დაახლოებით ბავშვის თითებთან, ხოლო შუა და უკანა ნაწილი შედარებით მყარი უნდა იყოს. ხელის გაშვებისას კი ფეხსაცმელმა სწრაფად უნდა მიიღოს თავდაპირველი ფორმა;
თავისუფალი, განიერი ცხვირი − ბავშვის ფეხის თითების მოძრაობა არ უნდა იყოს ზედმეტად შეზღუდული. ყველაზე გრძელ თითსა და ფეხსაცმლის ცხვირს შორის მინიმუმ 0,5-1 სანტიმეტრი უნდა რჩებოდეს ცარიელი. მაგრამ ფეხსაცმელი ორი-სამი ზომით დიდი არ შეიძლება იყოს − ეს ბავშვს სიარულში შეუშლის ხელს;
მყარი ქუსლი − მიქციეთ ყურადღება: ფეხსაცმელი ხმარებისას ქუსლთან არ უნდა დაიბრიცოს;
სპეციალური საფენი სუპინატორი რბილბორცვიანი საშუალო ზომის ნასვრეტებით − მიაქციეთ ყურადღება, რომ შიდა მხარეს დიდი და უხეში შებერილი ნაკერები არ ჰქონდეს;
ფეხის საიმედო ფიქსაცია.
ამასთან ბავშვის ფეხსაცმელი უნდა იყოს დამზადებული ნატურალური ტყავისგან ან სხვა ისეთი მასალისგან, რომელიც „სუნთქავს“.
რაც შეეხება ბრტყელტერფიანობას, არსებობს მისი ორი ტიპი: თანდაყოლილი − რომელიც ძალიან მცირე ნაწილში გვხვდება, და ფუნქციონალური − რომელიც მაშინ ყალიბდება, როდესაც ბავშვი ცოტას მოძრაობს და თუ მოძრაობს, მხოლოდ სწორ ზედაპირზე.
არ გამოტოვოთ: 9 პოპულარული მითი ანგინის შესახებ - რომელია მართალი და რომელი – არა
ბრტყელტერფიანობის დიაგნოზის დასმა 3-4 წლიდანაა შესაძლებელი და ეს ორთოპედმა უნდა გააკეთოს. მანვე უნდა დაადგინოს, საჭიროა თუ არა, რომ ბავშვს სპეციალური ფეხსაცმელი ჩააცვათ.
თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მშობელმა შეიძლება ყურადღება მოადუნოს და ბავშვის 3-4 წლამდე გაზრდას დაელოდოს. ტიპიური განვითარების (როდესაც ბავშვს არ აქვს თანდაყოლილი პრობლემა) ბავშვის მშობელი უნდა დააკვირდეს ბავშვის ფეხებზე ნაოჭების სიმეტრიულობას და დაგეგმოს ორთოპედთან ვიზიტი უკვე 4 თვის ასაკში, რათა მენჯ-ბარძაყის სახსრის მდგომარეობა შემოწმდეს.
თუმცა სპეციალისტთან ვიზიტები ამით არ ამოიწურება. მშობელმა ბავშვი ორთოპედთან კიდევ უნდა მიიყვანოს, როცა:
ბავშვი სიარულს დაიწყებს, რათა გაირკვეს, რამდენად სწორად დადის იგი;
6-7 წლის გახდება − უკვე ხერხემლის მდგომარეობის შეფასების მიზნით, ანუ იმის დასადგენად, აქვს თუ არა ბავშვს სქოლიოზი ან ტანდეგობის დარღვევა;
სქესობრივი მომწიფებიდან ორ-სამ წელში − ამ დროს კვლავ ორთოპედმა უნდა შეამოწმოს გულ-მკერდის დეფორმაცია, ხერხემლის დეფორმაცია, ბრტყელტერფიანობა და სხვ. და დაასკვნას, ეს კუნთოვანი დეფორმაციაა თუ ძვლოვანი. თუ დეფორმაცია კუნთოვანია (რაც შემთხვევათა უდიდეს ნაწილში გვხვდება) ის სპეციალური ვარჯიშებითა და სწორი ფიზიკური აქტივობით შეიძლება აღმოიფხვრას.
ასე რომ, თუ ბავშვი ფეხშიშველი დადის, ნუ დაუშლით, დაე, იაროს, ირბინოს, იხოხოს და იხტუნოს. მშობლებმა კი, ნაცვლად იმისა, რომ აჩქარებით გადაიხადონ თანხა ძვირადღირებულ ორთოპედიულ ფეხსაცმელებში, ჯობს ბავშვთან ერთად რაც შეიძლება ხშირად იარონ „ცვრიან ბალახზე“.
ყველა ახალი ამბავი
0