უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან

© Pixabay / 12019საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველმა უკრაინელმა მოსწავლეებმა სასურველ სკოლას განცხადებით უნდა მიმართონ.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელი მოსწავლეები, რომლებიც ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.
შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით.
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას. უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო შესთავაზებს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე სხვა ენებზე.
დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას.
უკრაინელ ბავშვებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ>>
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მომავალი კვირიდან უკრაინული ოჯახების ბავშვებს უფასოდ მიიღებენ თბილისის საბავშვო ბაღებიც.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, 24 თებერვლიდან, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 4,1 ათასი მოქალაქე იმყოფება.
წყარო: საქართველოს განათლების სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0