სკანდალი პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრების გამო – პრემიერის კომენტარი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ ვითარება მალე გაირკვევა.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საზღვარგარეთ მგზავრობის ირგვლივ სკანდალის კომენტარისას ვარაუდი გამოთქვა, რომ ის „შეცდომაშია შეყვანილი“.
ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოფიციალურ ვიზიტებზე მთავრობის უარის გამო მას მოუწია არაფორმალური, პირადი შეხვედრების გამართვა ევროპაში. ამის საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტს ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევაში დასდეს ბრალი.

„როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი. ვარაუდი მინდა გამოვთქვა, რომ იგი ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ალბათ ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტი უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ევროპაში შეხვდა რამდენიმე ქვეყნის პირველ პირებს და ევროკავშირის ხელმძღვანელობას.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა ვიზიტი მთავრობასთან უნდა შეათანხმოს.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს კონსტიტუციურ დარღვევებს ედავება>>
პრემიერის აზრით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირობებში და რეგიონში არსებული რთული პროცესებისას „საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი ასეთ დროს უნდა ყოფილიყო ქვეყანაში“.
„ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია იმისა, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე დასძინა, რომ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი და ახორციელებს მთავრობა.
„შესაბამისად, პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა, ვიზიტი, კონსტიტუციის მიხედვით, უნდა თანხმდებოდეს საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შესაძლებელია თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი? „ქართული ოცნების“ პასუხი>>
საქართველოს პრეზიდენტმა 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით პერიოდში შეხვედრები გამართა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.
ყველა ახალი ამბავი
0