„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს კონსტიტუციურ დარღვევებს ედავება

© photo: Sputnik / Stringer"ქართული ოცნება"
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. კონსტიტუციის პატივისცემა და მის შესაბამისად მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია, განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.
გუშინ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოფიციალურ ვიზიტებზე ხელისუფლების უარის გამო მას ევროპაში არაფორმალური შეხვედრების გამართვა მოუწია.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ზურაბიშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებოდა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

„პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტს გვინდა მოვუწოდოთ, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და, განსაკუთრებით, სამი მთავარი კონსტიტუციური ორგანოს – პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეიმჩნევა აშკარა ნეგატიური ტენდენცია და მმართველი პარტიის ვალია თავიდანვე მოახდინოს პოლიტიკური რეაგირება, რათა მან კონსტიტუციური სისტემის ფუნქციონირებას რაიმე ჭარბი სირთულე არ შეუქმნას.
„გუშინდელ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა შემოგვთავაზა მთელი რიგი ახალი თამაშის წესები, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება. აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს. თუმცა, პრეზიდენტს გვინდა შევახსენოთ, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს არა პრეზიდენტი, არამედ კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ზურაბიშვილი: ევროპაში ოფიციალურ ვიზიტებზე უარი მითხრეს>>>
გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ, აღნიშნავენ „ქართულ ოცნებაში“.
„ამ პირობებში საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში, წერია განცხადებაში.
შესაძლებელია თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი? „ქართული ოცნების“ პასუხი>>>
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ყურადღებით გაეცნოს კონსტიტუციას და კარგად გაიაზროს საპარლამენტო რესპუბლიკის არსი.
„საქართველოს პრეზიდენტმა, პირველ რიგში, პატივი უნდა სცეს საქართველოს კონსტიტუციას და პრეზიდენტის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასა და მოვალეობებს“, – აღნიშნულია მმართველი პარტიის განცხადებაში.
2022 წლის 27 თებერვლიდან 1 მარტამდე პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.
წყარო: „ქართული ოცნება"
ყველა ახალი ამბავი
0