შესაძლებელია თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი? „ქართული ოცნების“ პასუხი

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
მდინარაძემ განმარტა, რატომ შეიძლება მიეღო პრეზიდენტს უარი მთავრობისგან უცხოეთში ვიზიტებზე.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხს არ დააყენებს მის მიერ კონსტიტუციის დარღვევის გამო, განაცხადა ფრაქციის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ოფიციალურ ვიზიტებზე მთავრობის უარის გამო მას არაფორმალური, პირადი შეხვედრების ჩატარება მოუწია ევროპაში. ზურაბიშვილი შეხვდა რამდენიმე ქვეყნის პირველ პირსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ.

„საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი რგოლი, რომელიც საგარეო მიმართულებით არის პასუხისმგებელი. რადგან ეს რგოლი არ იყო საქმის კურსში და არ ჰქონდა ეს საკითხები გავლილი მთავრობასთან, შესაძლებელია ამ დაჩქარებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია უარი“, – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

მან დასძინა, რომ საზღვარგარეთ შეხვედრების გამართვა მთავრობასთან შეუთანხმებლად კონსტიტუციის დარღვევაა.
„პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს საგარეო ურთიერთობებში თავის უფლებამოსილებას, ის თავად ამბობს, რომ მიუხედავად მთავრობის წერილობითი უარისა, წავიდა და თვითნებურად ჩაატარა გარკვეული მოქმედებები. ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. რაც შეეხება იმპიჩმენტს, მგონია, რომ ეს საკითხი არ დადგება ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.
ზურაბიშვილი: ევროპაში სამუშაო ვიზიტებზე უარი მეთქვა>>
საქართველოს პრეზიდენტმა 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით პერიოდში შეხვედრები გამართა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.
ყველა ახალი ამბავი
0