„ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმები არ ეყოფა – დეპუტატი

© photo: Sputnik / Stringerრომან გოცირიძე
რომან გოცირიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 ხმაა საჭირო, რაც „ქართულ ოცნებას“ არა აქვს, აღნიშნა დეპუტატმა.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, რადგან მას ამისთვის ხმები არ ეყოფა, განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძემ.
მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს, რათა მოითხოვოს დადასტურება მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის შესახებ. ამის საბაბი გახდა ზურაბიშვილის არაფორმალური და პირადი შეხვედრები პოლიტიკოსებთან ევროპაში მიუხედავად იმისა, რომ მან ოფიციალურ ვიზიტებზე მთავრობისგან უარი მიიღო.

„პირველი ნაბიჯი – ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, რამდენად კონსტიტუციური იყო მისი ქმედებები. ოფიციალურად იმპიჩმენტს ვერ დაიწყებენ, რადგან მათ ხმები არ ჰყოფნით. იმპიჩმენტს 100 ხმა უნდა პარლამენტში, „ქართულ ოცნებას“ კი 100 ხმა არ აქვს, ამიტომ ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება“, – განაცხადა გოცირიძემ.

მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ახლა ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების დრო არ არის.
საქართველოს პრეზიდენტმა 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით პერიოდში შეხვედრები გამართა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს კონსტიტუციურ დარღვევებს ედავება>>
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საზღვარგარეთ მგზავრობის ირგვლივ სკანდალის კომენტარისას ვარაუდი გამოთქვა, რომ ის „შეცდომაშია შეყვანილი“.
უარის მიზეზებზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირობებში და რეგიონში არსებული რთული პროცესების დროს „საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი ასეთ დროს უნდა ყოფილიყო ქვეყანაში“.
იმპიჩმენტი
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუხებელია. თანამდებობაზე ყოფნისას არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
პრეზიდენტის გადაყენება მხოლოდ იმპიჩმენტის გზით შეიძლება.
იმპიჩმენტის მიზეზი შეიძლება გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან პრეზიდენტის მიერ ჩადენილი დანაშაულის ნიშნები.
იმპიჩმენტის პროცედურა შეიძლება დაიწყოს ქვეყნის პარლამენტმა. ამისთვის საჭიროა დეპუტატების მთელი შემადგენლობის 1/3-ის თანხმობა.
შემდეგ საქმე უნდა გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც ერთი თვე ექნება განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად. თუ აღმოჩნდება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, ან მის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები იყო, პარლამენტმა ორ კვირაში უნდა განიხილოს საკითხი და მას კენჭი უყაროს. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის დეპუტატების ხმების 2/3-ია საჭირო.
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
„ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს არ დააყენებს
არ შეიძლება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, თუ ქვეყანაში სამხედრო ან საგანგებო მდგომარეობაა.
თუ პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას ვადაზე ადრე შეწყვეტს, მის ვალდებულებებს პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0