„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას პირდაპირ ეთერში იწვევენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliვარლამ გოლეთიანი
ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
გამოწერა
საზოგადოებრივი პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იმერეთის რეგიონში ამ დრომდე გრძელდება.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ტელეეთერში ღია დისკუსიას სთავაზობენ, რათა განიხილონ პროექტის სამომავლო ბედი და მისი ეკოლოგიური უსაფრთხოების გარანტიები.
ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 478 დღეა გრძელდება. აქტივისტებმა მდინარე რიონის ხეობაში კარვების ბანაკი მოაწყვეს, ისინი მთავრობისგან ხეობის ეკოსისტემისთვის პროექტის უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვენ.

„საზოგადოება ვერ გაერკვია, თუ რა ხდება. ხელისუფლება დაინტერესებულია იმაში, რომ საზოგადოებამ არაფერი იცოდეს და საკითხი რეზონანსული არ იყოს. ჩვენი მიზანია ახლადდანიშნულ მინისტრ დავითაშვილს პირდაპირ მივმართოთ, რათა მან წინამორბედის შეცდომები არ გაიმეოროს“, – განაცხადა მოძრაობა „რიონის მცველების“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანმა ეკონომიკის ახალ მინისტრ ლევან დავითაშვილს მოუწოდა ღია დიალოგის ფარგლებში საჯაროდ გასცეს პასუხი პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას.
„ჩვენ აქ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ აუცილებელია პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“, – განაცხადა გოლეთიანმა.
გოლეთიანის თქმით, მათ არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ ახალი მინისტრის მოსვლასთან ერთად პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკა შეიცვლება.
იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში ხელისუფლება კონტაქტზე არ გავა, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-ს მთავარ ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავენ და ტერიტორიაზე შესასვლელს ჩაკეტავენ.
„ნამახვანჰესის“ საკითხი - მთავრობას ENKA-სთან დავა არ სურს>>>
„ჩვენ აქ 15 თვეა ვდგავართ. დიახ, სამშენებლო სამუშაოები არ მიდის. მაგრამ კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე? ხელისუფლებას ეს ადამიანები საერთოდ არ ადარდებს“, – განაცხადა გოლეთიანმა.
ეკონომიკის ახალმა მინისტრმა დავითაშვილმა „რიონის ხეობის მცველების“ შეთავაზებას პასუხი უკვე გასცა. მინისტრის თქმით, ხელისუფლება „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს მას შემდეგ, რაც დასრულდება თურქულ კომპანია ENKA-სთან მოლაპარაკებები და ცნობილი გახდება საერთაშორისო საექსპერტო კომპანიების დასკვნები.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, თურქულ კომპანიას არა მარტო პრეტენზიები, არამედ გარკვეული წინადადებებიც აქვს.
„ეს პროცესი იქნება სამართლებრივი და, ბუნებრივია, ვიდრე არ იქნება ამ სამართლებრივ პროცესში პროგრესი, ჩვენ ამაზე მეტ ინფორმაციას ვერავის მივაწვდით“, – განაცხადა დავითაშვილმა.
რაც შეეხება „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან ღია დიალოგს, დავითაშვილის თქმით, იგი ამისთვის ყოველთვის მზადაა, თუმცა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით პასუხებისთვის უკეთესია ექსპერტების დასკვნებს დაელოდონ.
„შეიძლება მთავრობაა დამნაშავე": პრემიერმა „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ვითარება შეაფასა>>>
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტის შექმნის, მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება 15%-ით უნდა გაზრდილიყო.
კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის დაბანდება იგეგმებოდა. თუმცა მრავალრიცხოვანი დაბრკოლებისა და ფორსმაჟორული გარემოებების გამო ENKA-მ ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
თურქულმა კომპანია ЕNKA-მ 2020 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ერთ თვეში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდა, იანვარში კი საქართველოში თავისი ოფისები დახურა. „ნამახვანჰესის“ პროექტის ხორცშესხმის შემთხვევაში საქართველოს ერთბაშად ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნებოდა (333 მგვტ და 100 მგვტ სიმძლავრის).
ENKA საქართველოს მთავრობას კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს გეგმავს.
რაც შეეხება ხელისუფლებას, მათი სურვილია თურქ ინვესტორთან „მშვიდობიანი შეთანხმება“.
ყველა ახალი ამბავი
0