„შეიძლება მთავრობაა დამნაშავე": პრემიერმა „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ვითარება შეაფასა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი ჩავარდნის ზღვარზე რომ აღმოჩნდა, ეს, შეიძლება, მთავრობის ბრალია, რადგანაც მოსახლეობასთან სათანადო კომუნიკაცია არ ყოფილა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
საზოგადოებრივი პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იმერეთის რეგიონში ათ თვეზე მეტი გაგრძელდა. ჰესის მოწინააღმდეგეები მშენებელ კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა.

„უნდა ითქვას პირდაპირ, ალბათ მთავრობის არასათანადო კომუნიკაციის ბრალია, თუ ორი წლის წინ, როდესაც „ნამახვანჰესის“ პროექტზე მუშაობა დაიწყო, ჩვენი მხრიდან ნაკლები ძალისხმევა მოხდა. ალბათ მოსახლეობას ვერ აუხსნეს და შეიძლება ისეთი პირობები იყო, რომელიც ნებისმიერი ქართველისთვის სუფთა ემოციურ დონეზე მიუღებელი იყო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომპანია ENKA-მ, რომელიც პროექტში 830 მლნ დოლარის ჩადებას გეგმავდა, მრავალი წინააღმდეგობისა და ფორსმაჟორული სიტუაციის გამო საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი გაწყვიტა. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივიდეს და თურქ ინვესტორთან მოლაპარაკებებს ამ დრომდე აგრძელებს.
ნამახვანჰესის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
„ნამახვანჰესის“ ინვესტორებთან მოლაპარაკებები გრძელდება
„არ მინდა ამ თემაზე საუბარი, როგორც იცით, ENKA-მ უკვე განაცხადა, რომ გადის პროექტიდან... მე არ მინდა, რომ ჩემი განცხადება ჩვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული“, – აღნიშნა ღარიბაშილმა.
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. პროექტი დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოების 15%-ით გაზრდას ითვალისწინებდა.
ახალი ჰესები
თუ ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებისმიერი პროექტი მისაღები იქნება საქართველოს ეკონომიკისა და ქვეყნის მოსახლეობისთის, მისი რეალიზება აუცილებლად უნდა მოხდეს, განმარტა ღარიბაშვილმა.
„ზოგადად, ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი: რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება. ამ საკითხს ასე უნდა მივუდგეთ. თუ რომელიმე პროექტს დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, კონკრეტულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
თურნავა: დღეიდან „ენგურჰესი“ სრული დატვირთვით ამუშავდა
პრემიერის თქმით, ასეთ პროექტებში სახელმწიფოს, როგორც ინვესტორის მონაწილეობა სავსებით შესაძლებელია.
„რა თქმა უნდა, მე, მაგალითად, არ მოვერიდებოდი სახელმწიფო ინვესტიციებს, სახელმწიფოს ჩარევას პირდაპირი ინვესტიციებით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ისეთი დიდი სტრატეგიული ობიექტები, როგორიც არის ენგური. დღეს თუ ვინმეს წარმოუდგენია ჩვენს რეალობაში, ენგური რომ არ არსებობდეს, რა პირობებში ვიქნებოდით?“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ელექტროენერგიის საკუთარმა გამომუშავებამ 10,2 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 8,7 მლრდ კვტ/სთ.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
ყველა ახალი ამბავი
0