თურნავა: დღეიდან „ენგურჰესი“ სრული დატვირთვით ამუშავდა

© Sputnik / Alexander Imedashviliნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციის შედეგად გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც სამომავლოდ სადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებაზე აისახება.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. დღეიდან „ენგურჰესი“ მწყობრშია და ელექტროენერგიას აწვდის სრულიად საქართველოს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სადერივაციო გვირაბის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქვეყნის უდიდესი ჰიდროლექტროსადგურის ჰიდროაგრეგატები უკვე ამუშავდა. ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად წყლის დანაკარგები 20-30%-ით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით დაახლოებით 90 მლნ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო 15 წელია არ ჩატარებულა. 

„ენგურჰესი“ არის ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრე, რომელიც გვაერთიანებს ქართველებსა და ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს. დღეიდან ენგურჰესი არის მწყობრში და აწვდის ელექტროენერგიას სრულიად საქართველოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ. 

ენგურჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
პრემიერმა „ენგურჰესზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

სარეაბილიტაციო პროცესი 24-საათიან რეჟიმში ხორციელდებოდა. გვირაბის აღდგენილი მონაკვეთის ინსპექტირება ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. მხარეების განცხადებით, შესრულებული სარემონტო სამუშაოები მთლიანად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.

სადერივაციო (ჰიდროტექნიკურ) გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით ჰიდროელექტროსადგურის ხუთივე აგრეგატი მიმდინარე წლის 20 იანვარს გამორთეს. როგორც სპეციალისტები აცხადებდნენ, რემონტის გადავადება სახიფათო იყო, რადგან ჰიდროსადგურს წყლის გაჟონვის გამო მუშაობა დაუგეგმავად შეიძლება შეეწყვიტა.

რემონტის პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მლნ ევროს შეადგენს. აქედან 7 მლნ ევროკომისიის მიერ გამოყოფილი გრანტია, 38 მლნ ევრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო. უშუალოდ გვირაბის რეაბილიტაციისთვის კი რვა მილიონი ევრო გამოიყო.

სადგურის სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ენერგონმა“ შეასრულა. პროცესში ჩართული იყვნენ გერმანელი სპეციალისტები.

„ენგურჰესი“ ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. იგი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით „ენგურჰესი“, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ, ვარდნილჰესი №1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40 ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. „ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში ამ ტიპის დამბებს შორის, მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

ყველა ახალი ამბავი
0