„მოხსენით გრიფი საიდუმლო“ – სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართა

© courtesy of Mikheil Saakashviliმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება პრეზიდენტობის პერიოდში საბიუჯეტო სახსრებიდან 8,8 მილიონი ლარის გაფლანგვა. მას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, მოხსნან გრიფი „საიდუმლო“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებს, რომლებიც 2013 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაიისთვის იყო განკუთვნილი.
სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელ თეიმურაზ ჯანაშიას 2014 წლის აგვისტოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში (8,8 მლნ ლარი) წარუდგინეს ბრალი. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის აპრილში სააკაშვილისა და ჯანაშიას საქმეების გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
„მოხსენით გრიფი „საიდუმლო“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც. მე და ჯანაშიას გვედავებიან არა ხარჯების მიზნობრიობას, როგორც ტელევიზიით ყვებიან, არამედ მათი გაწევის წესს“, – ნათქვამია ღია წერილში.
ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ თუ გრიფი მოიხსნება, დამტკიცდება, რომ აღნიშნული პროცედურა არ ყოფილა ჯანაშიას კაპრიზი, არამედ მიღებული პრაქტიკა იყო კანონთან სრულ შესაბამისობაში.
„თუ თქვენ დაიცავთ კონსტიტუციას და დაიცავთ კანონს, ამით გადაარჩენთ ძალიან ღირსეულ გენერალს, რომელიც მთელი ცხოვრება ემსახურება საქართველოს, 11-წლიან ციხეს... ახლა არჩევანი თქვენზეა, ქ-ნო პრეზიდენტო“, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.
სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებშისაბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.
ბოტოქსი, დიეტა და სტილისტი – როგორ ჩაიარა სააკაშვილის სასამართლო პროცესმა>>
ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
სააკაშვილის ვარცხნილობა, გაკვირვებული გამომძიებლები და სასამართლოს სხვა დეტალები>>
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას, რომელიც დღეს ასევე განსასჯელთა სკამზეა.
პროკურატურამ თვალსაჩინოებისთვის დეტალურად წარმოადგინა სააკაშვილის ხარჯების ნაწილი:
ნახატის შესყიდვა ლონდონში - მერედიტ ოსტრომის ნამუშევარი, რომელიც მკერდით ხატავს - 15.989 ლარი.
სააკაშვილის მიერ დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერხიო კალდერონ ლატასის შრომის, საცხოვრებელი ადგილისა და ესპანეთში დაბრუნების ხარჯები, ასევე მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურება - 191.643 ლარი.
სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროსა და ბილეთების თანხა - 75.181 ლარი.
სასტუმრო მომსახურება და სამკურნალო გახდომის პროცედურები ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის - 26.388 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ბათუმში მარიამ საჯაიასთვის (დეპუტატი) – 6.342 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ალანა გაგლოევასთვის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი) – 6.401 ლარი.
ბილეთების ყიდვა ვერა ქობალიას (ეკონომიკის ყოფილი მინისტრი) მშობლებისა და დისთვის, ნინა ქობალიასთვის - 38.247 ლარი.
ავიალაინერის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის - 503.383 ლარი.
Porsche-ს, Mercedes-ის და Audi-ს დაქირავება ავსტრიაში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასთვის - 58.876 ლარი.
ლიმუზინისა და მინივენის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის ვერონაში ვიზიტის დროს - 45.214 ლარი.
ვერტმფრენის დაქირავება პერუში - 33.204 ლარი.
იახტის დაქირავება პიზაში - 25.237 ლარი.
შვიდი პიჯაკისა და ქაშმირის პალტოს შეძენა მიხეილ სააკაშვილის მიერ ლონდონში - 49.499 ლარი.
ორი კოსტიუმის (ხელით შეკერილი) შეძენა - 7.994,84 ლარი.
ათი მაჯის საათის შეძენა საქართველოსა და ინგლისში - 53.283 ლარი.
წარდგენილი ბრალდებით სააკაშვილს 76–დან 11 წლამდე პ[ატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0