ბოტოქსი, დიეტა და სტილისტი – როგორ ჩაიარა სააკაშვილის სასამართლო პროცესმა

© AFP 2024 / IRAKLI GEDENIDZEმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2022
გამოწერა
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა კვლავ სცადა სასამართლო პოლიტიკურ განცხადებათა ტრიბუნად ექცია.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. სასამართლოში პირადი მიზნებით სახელმწიფო სახსრების – 8,8 მილიონი ლარის გაფლანგვის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის დღევანდელი განხილვა საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა.
წინა მოსმენისგან განსხვავებით, ამჯერად მთავარი ბრალდებული პროცესს ესწრებოდა. იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავის საპყრობილიდან მიიყვანეს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ორ სხვა საქმეზე იხდის სასჯელს.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ექს-პრეზიდენტს სხდომის დასაწყისშივე მისცა სიტყვა.
„პროცესი, რომელიც ტარდება, ეს არის ზოგადი პოლიტიკური პროცესი, მთლიანად პოლიტიკური პროცესი, ანეკდოტური, ალბათ ყველაზე სამარცხვინო პროცესი საქართველოს ისტორიაში. მე მასამართლებენ სახელმწიფო თანხების გაფლანგვაზე, არა მითვისებაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ექს-პრეზიდენტმა დამსწრეებს აჩვენა ფოტოები, რომლებზეც, მისი თქმით, აღბეჭდილია პროკურორებისა და ჩინოვნიკების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, თბილისის ყოფილი მერის, ამჟამად ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის დავით ნარმანიას სახლები.
როდესაც პროკურორებმა მოითხოვეს, რომ ბრალდებულს საქმეზე ელაპარაკა, დაიწყო სიტყვიერი შეხლა-შემოხლა. მოსამართლემ სააკაშვილს შენიშვნა მისცა და დაემუქრა, რომ დაატოვებინებდა სხდომათა დარბაზს, თუ იგი მოსამართლეს პროცესის მშვიდ ვითარებაში გაგრძელების საშუალებას არ მისცემდა.
„ისე ნუ გააკეთებთ, რომ წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სხდომა დავხურო და არავინ მიიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში“, – მიმართა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ექს-პრეზიდენტს.
საპასუხოდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება საქმეზე და ამაზე ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა.
„რა მნიშვნელობა აქვს, პროცესი არ არის, გინდა დახურე და გინდა მოხურე, სასამართლო არ არსებობს. თქვენი ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

უგულავას დიეტა და ძვირადღირებული სასტუმრო

მიუხედავად მოსამართლის მოწოდებებისა და შენიშვნებისა, სიტყვიერი შელაპარაკება გაგრძელდა და რამდენჯერმე ყვირილშიც გადაიზარდა.
პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სააკაშვილის გამოსვლას შეურაცხმყოფელი უწოდა და აღნიშნა, რომ ბრალდებული მის მიერ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე უნდა საუბრობდეს.
„150 ათასი ლარი რომ სტილისტს გადაუხადა, 600 ათასი რომ ბოტოქსებზე დახარჯა, ამაზე უნდა გააკეთოს განცხადება. ის „შავი ბუღალტერია“, რაც გააკეთეს, საზოგადოებას ამაზე გასცენ პასუხი“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.
„რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რაც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა?! სოფო ნიჟარაძის სასტუმროს მომსახურება, რაც სახელმწიფოს 5500 ლარი დაუჯდა?! ამაზე ისაუბრეთ!“ – იკითხა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

პერფორმანსი

თუმცა სააკაშვილს თავისი დღის წესრიგი ჰქონდა. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის დროშა გაშალა და უკრაინის ჰიმნის შესრულებით თავისი ვოკალური შესაძლებლობებიც გამოამჟღავნა.
ამის შემდეგ დაძაბულობის ტემპერატურამ დარბაზში კიდევ უფრო აიწია. ხმაური ამჯერად სააკაშვილის მხარდამჭერმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ატეხა.
„კორუფციონერი პროკურორი სამშობლოს მოღალატეა, აბა რა არის?! სირცხვილია სამარცხვინო პროკურორს ასამართლებინოთ სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
საპასუხოდ მოსამართლემ მათ, ვინც პროცესს ფარსს და სამარცხვინოს უწოდებს, მასში მონაწილეობისგან თავის შეკავება ურჩია.
„დარჩით სახლში და უყურეთ ტელევიზორიდან. ის, რომ ისტორიული პროცესია, ამის შეხსენება არ მინდა”, – განაცხადა მოსამართლე კოჭლამაზაშვილმა და თაკო ჩარკვიანს სასამართლო დარბაზი დაატოვებინა.

მოწმის გამოკითხვა

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაცვის მხარემ გამოიძახა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე. სააკაშვილის ადვოკატებს იმედი ჰქონდათ, რომ ჩუბინიძის გამოკითხვა აჩვენებდა, რომ სააკაშვილის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო ხარჯები აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო. თუმცა ჩუბინიძის დაკითხვის წინააღმდეგ ბრალდების მხარე გამოვიდა.
თავად ჩუბინიძე სასამართლოს წინაშე წარდგა, მაგრამ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
„ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება, არანაირი შეხება არ მაქვს. შესაბამისად, დღეს ჩემ მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა და დაფიქსირებული პოზიცია შეძლება... გამოყენებული იქნას ჩემ საწინააღმდეგოდ მომავალში“, – განაცხადა ჩუბინიძემ.
ამის შემდეგ სააკაშვილმა სასამართლო პროცესი დატოვა სიტყვებით: „ყველაფერი გასაგებია, აქ რაც ხდება… ძალიან ვწუხვარ“.

შუამდგომლობა

თავის მხრივ, ექს-პრეზიდენტის ინტერესთა დამცველებმა მოითხოვეს ჩუბინიძის იმ ჩვენების ოქმი, რომელიც მან პროკურატურას სააკაშვილის საქმეზე ხუთი თვის წინ მისცა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება დაცვის მეორე შუამდგომლობას, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობას, მასთან პირადი ექიმის და ცენტრ „ემპათიის“ ექიმების კონსილიუმის შეშვებას ეხებოდა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს დაავალა ყველა აუცილებელი ზომის მიღება ბრალდებულის ჯანმრთელობის დასაცავად.

საქმის დეტალები

სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.
ენმ პარტიის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას არ აპირებს – ბარამიძე >>
ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და საქმეს თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას, რომელიც დღეს ასევე განსასჯელთა სკამზეა.
პროკურატურამ თვალსაჩინოებისთვის დეტალურად წარმოადგინა სააკაშვილის ხარჯების ნაწილი:
ნახატის შესყიდვა ლონდონში - მერედიტ ოსტრომის ნამუშევარი, რომელიც მკერდით ხატავს - 15.989 ლარი.
სააკაშვილის მიერ დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერხიო კალდერონ ლატასის შრომის, საცხოვრებელი ადგილისა და ესპანეთში დაბრუნების ხარჯები, ასევე მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურება - 191.643 ლარი.
სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროსა და ბილეთების თანხა - 75.181 ლარი.
სასტუმრო მომსახურება და სამკურნალო გახდომის პროცედურები ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის - 26.388 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ბათუმში მარიამ საჯაიასთვის (დეპუტატი) – 6.342 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ალანა გაგლოევასთვის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი) – 6.401 ლარი.
ბილეთების ყიდვა ვერა ქობალიას (ეკონომიკის ყოფილი მინისტრი) მშობლებისა და დისთვის, ნინა ქობალიასთვის - 38.247 ლარი.
ავიალაინერის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის - 503.383 ლარი.
Porsche-ს, Mercedes-ის და Audi-ს დაქირავება ავსტრიაში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასთვის - 58.876 ლარი.
ლიმუზინისა და მინივენის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის ვერონაში ვიზიტის დროს - 45.214 ლარი.
ვერტმფრენის დაქირავება პერუში - 33.204 ლარი.
იახტის დაქირავება პიზაში - 25.237 ლარი.
შვიდი პიჯაკისა და ქაშმირის პალტოს შეძენა მიხეილ სააკაშვილის მიერ ლონდონში - 49.499 ლარი.
ორი კოსტიუმის (ხელით შეკერილი) შეძენა - 7.994,84 ლარი.
ათი მაჯის საათის შეძენა საქართველოსა და ინგლისში - 53.283 ლარი.
წარდგენილი ბრალდების მიხედვით სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0