ანიმაციურ-თოჯინური ფილმების პერსონაჟები და სამყარო, სადაც ყველაფერ ნეგატიურს დააღწევ თავს
18:02 18.02.2022 (განახლებულია: 12:17 16.03.2022)
© courtesy of Khatia Nakopiaხატია ნაყოფია თავის ხელნაკეთ თოჯინებთან ერთად
გამოწერა
ეს ამბავიც ის შემთხვევაა, როცა რაიმე გატაცება არა მარტო გავსებს ემოციებით, პიროვნული განვითარების საშუალებასაც გაძლევს.
მის პირველ ხელნაკეთ თოჯინას ცხვირ-პირიც კი არ ჰქონდა, თუმცა, ფიქრობს, რომ სწორედ მან გაიყვანა იმ ბედნიერ სამყაროში, სადაც „თავის ფანტაზიებს ერთად მოუყარა თავი და ულამაზესი შემოქმედებისაკენ მიმავალი გზა დაანახა“.
ასე აღიქვა თავისი გატაცება ხატია ნაყოფიამ, რომელმაც თავის დროზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი დაამთავრა. ბოლო ექვსი წლის მანძილზე, რაც ეს საქმე წამოიწყო, მისმა ნაკეთობამ საკუთარი სახე შეიძინა და დღეს მსგავსი ნაწარმისგან განსხვავებული, ინდივიდუალური გარეგნობით გამოირჩევა. ავტორის აზრით, ეს თოჯინები უფრო ანიმაციურ-თოჯინური ფილმების პერსონაჟებს ჰგვანან და თუ მათ დააკვირდებით, დარწმუნდებით, რომ მართლაც ასეა...
© courtesy of Khatia Nakopiaხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
ხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
- ხატია, რა გახდა თქვენი ახალი საქმიანობის დაწყების წინაპირობა?
- რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში ვნახე ხელნაკეთი ტექსტილის თოჯინა, რომელმაც რატომღაც დამაინტერესა. მას დიდხანს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, რომ მსგავსი რამის გაკეთება მეც შემეძლო. მით უმეტეს, ხელნაკეთი ნივთების შექმნის მცდელობაც და გამოცდილებაც უკვე მქონდა. ოღონდ მანამდე თექაზე ვმუშაობდი და ჩანთებს ვამზადებდი.
© courtesy of Khatia Nakopiaხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
ხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
- ამ ექვსი წლის მანძილზე როგორ დაიხვეწა თქვენი ნახელავი?
- ცვლილება საკმაოდ შესამჩნევია. რა თქმა უნდა, თავიდან არ იყო ადვილი სრულყოფილი ნამუშევარი დამედო, ჩემს პირველ თოჯინას ცხვირ-პირი არ ჰქონდა. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თოჯინები პრემიუმ-კლასის არიან, რადგან მათ ნატურალური მასალით ვაკეთებ და ისინი ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმია.
© courtesy of Khatia Nakopiaხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინები
ხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინები
- სამუშაო პროცესი როგორ ხდება?
- სამუშაო მასალად ვიყენებ ქსოვილს, რომელსაც ვუტარებ დაგრუნტვას, რის შემდეგაც ქსოვილი ისეთივე მყარი ხდება, როგორც პლასტმასი. თოჯინების ტანსაცმელს შერეული ქსოვილით ვკერავ. თავდაპირველად ხელოვნურ თმას ვიყენებდი, ახლა მხოლოდ ნატურალურ თმას ვიყენებ, ისეთს, როგორიცაა თხის ბეწვი, რომელიც ძალიან ნაზია.
© courtesy of Khatia Nakopiaხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
ხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გატაცებას?
- მეუღლე და ორი შვილი მყავს. ჩემს ახალ საქმეს ისინი ძალიან დადებითად შეხვდნენ. უფრო მეტიც, სწორედ მათი თანადგომა და გულშემატკივრობა გახდა ჩემთვის იმის მოტივაცია, რომ ეს საქმე კარგად ამეთვისებინა და მეტი სტიმული მქონოდა. ძალიან მინდა, რომ ჩემი თოჯინები ერთ სივრცეში „შევკრიბო“, ამიტომ უახლოეს ხანში გამოფენას ვგეგმავ. ადრეც მინდოდა, მაგრამ პანდემიიდან გამოწვეულმა სიტუაციამ ამის საშუალება არ მომცა.
© courtesy of Khatia Nakopiaხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
ხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
- თქვენი თოჯინები ძირითადად ბავშვებზეა გათვლილი თუ ინტერიერის გასალამაზებლადაც შეიძლება მათი გამოყენება?
- ჩემი თოჯინების გამოყენება ორივე ფუნქციით შეიძლება. ოთხი წლის ასაკიდან ზემოთ ბავშვებიც ითამაშებენ და მათი საშუალებით ბინის ინტერიერის გახალისება-გალამაზებაც შეიძლება. მოკლედ, ისინი ყველა ასაკის იმ პოზიტიური ადამიანებისთვისაა, ვისაც ხელით ნამუშევარი ესთეტიკური ნივთები უყვარს. სხვათა შორის, ჩემი ნამუშევრებიდან ზოგიერთი ადამიანის პროტოტიპიც არის.
© courtesy of Khatia Nakopiaხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
ხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
- მომეჩვენა, რომ ერთი თოჯინა ძალიან ჰგავს თქვენს შვილს...
- სხვათა შორის, ერთხელ, როცა დამკვეთს შევხვდი და მას ნამუშევარი გადავეცი, ჩემი შვილიც თან მყავდა. როცა მას შეხედა, ღიმილით მითხრა, ეს თოჯინები თქვენს შვილს ჰგვანანო...
© courtesy of Khatia Nakopiaხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
ხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
- ანუ გამოვიცანი?
- დიახ, გამოიცანით. თუმცა, ზოგადად, პროტოტიპებს იშვიათად ვაკეთებ. არ მიყვარს, როცა შეზღუდული ვარ, მაგრამ თუ დამკვეთს უნდა, რომ თოჯინა მას ან მის შვილს ჰგავდეს, მის თხოვნას აუცილებლად ვითვალისწინებ. თუ დააკვირდებით, ჩემი თოჯინები უფრო ანიმაციურ-თოჯინური ფილმების პერსონაჟებს ჰგვანან...
- რაში დაგეხმარათ ეს გატაცება, რა ემოციები შემოიტანა თქვენს ცხოვრებაში?
- ჯერ იმას გეტყვით, რომ ჩემი ძირითადი სპეციალობა ძალიან მიყვარს და მისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ. თოჯინების კეთება – ესაა საქმე, რომელმაც დამაყენა ახალი გამოწვევების წინაშე, იმის საშუალება მომცა, რომ დამენახა სამყარო, სადაც შემიძლია თავი დავაღწიო ყველაფერ ნეგატიურს და სულიერი სიმშვიდე მოვიპოვო. თითოეულ თოჯინაზე მუშაობის დროს დადებითი ემოციებითა და განცდებით ვივსები...
© courtesy of Khatia Nakopiaხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
ხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
- გამოდის, რომ ამ პატარა არსებებმა რეალურად შეგცვალეს?
- ასე გამოდის... ამ პატარა არსებებმა საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების შეგრძნება და სრულფასოვნება ჩამომიყალიბეს. მთავარი ისაა, რომ მათ გამიყვანეს ბედნიერ სამყაროში, სადაც ჩემს ფანტაზიებს თავი მოვუყარე. მათ მიზანი და ულამაზესი შემოქმედებისკენ მიმავალი გზა დამანახეს...