ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის დონის ამაღლებას აგრძელებს

© photo: Sputnikსწრაფი ჩარიცხვის აპარატები
სწრაფი ჩარიცხვის აპარატები - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
გამოწერა
საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ეროვნულმა ბანკმა საფინანსო ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი და მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებები დაამტკიცა, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეთიკის კოდექსი განვითარებულ ეკონომიკებში არსებულ მოთხოვნებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება, რომელშიც გათვალისწინებულია ადგილობრივი საფინანსო სექტორის სპეციფიკა და მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

კოდექსის ამოქმედება ხელს შეუწყობს მომხმარებლებში საფინანსო ორგანიზაციების მიმართ სანდო პარტნიორის რეპუტაციის გამყარებას და მათი უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად დაცვას, ამასთან, საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობების წარმართვის უზრუნველყოფას, ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

კოდექსი არეგულირებს სესხის ამოღების პროცესში მომხმარებლის მიმართ საფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებებს:
განისაზღვრა მომხმარებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების, ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვის, საქმიანი და ზრდილობიანი ფორმით კომუნიკაციის ვალდებულება. კერძოდ, მომხმარებელთან და საკონტაქტო პირებთან ურთიერთობისას საფინანსო ორგანიზაციამ აღნიშნულ პირს არ უნდა მიაწოდოს შეცდომაში შემყვანი ან/და არასწორი ინფორმაცია.
დადგინდა მომხმარებლებთან და საკონტაქტო პირებთან დაკავშირების წესი, რაც, მათ შორის, მოიცავს კომუნიკაციის ფორმას, დროსა და მისაწოდებელი ან/და მოსაძიებელი ინფორმაციის ჩამონათვალს. კერძოდ, საკონტაქტო პირთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოქმედი/აქტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო დაკავშირებულ მესამე პირებთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მსესხებლის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.
შესაბამისად, მომხმარებლის ვალდებულების შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის მიწოდება დაუშვებელია. ამასთან, ხსენებულ პირებთან კომუნიკაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ 09:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში. ამავე დროს, საკონტაქტო პირი უფლებამოსილია საფინანსო ორგანიზაციას მასთან კომუნიკაციის შეწყვეტა მოსთხოვოს;
განისაზღვრა საფინანსო ორგანიზაციის მიერ მომხმარებლებთან და საკონტაქტო პირებთან კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერების წარმოებისა და ორი თვის ვადით შენახვის ვალდებულება;
საკრედიტო პორტფელის გასხვისება, გარკვეული გამონაკლისების გარდა, დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებზე. ამასთან, თუ საკრედიტო პორტფელს მართავს სხვა პირი, კოდექსის შესრულებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირს.
ცვლილებები შევიდა აგრეთვე საფინანსო ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში. კერძოდ – მოთხოვნამდე დეპოზიტებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისთვის საჭირო დაშვებების სტანდარტიზება, რაც სხვადასხვა პროდუქტის მარტივად შედარების საშუალებას იძლევა და პროცენტის დარიცხვის განსხვავებული სქემის შესახებ გამჭვირვალობას ზრდის;
დამატებითი მოთხოვნები დაწესდა მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისას, რაც ხელს შეუწყობს საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების უკეთ დაცვას.
რატომ დაამუხრუჭა ლარმა? ანუ რა ხდება და რას ელიან საფინანსო ბაზარზე?>>>
გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მომხმარებლებს ბანკომატზე საკუთარი სახსრებისა და ოვერდრაფტის ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამიჯნულად მიღების შესაძლებლობა ექნებათ, ეს კი მათ საშუალებას მისცემს, უფრო ნათლად დაინახონ, თუ მათთვის ხელმისაწვდომი თანხის რა ნაწილია ოვერდრაფტის ლიმიტი და, შესაბამისად, ამ ლიმიტის ათვისების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, ოვერდრაფტის ლიმიტის ათვისებისას საფინანსო ორგანიზაცია ვალდებული იქნება აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს, რაც მათ ინფორმირებულობას გაზრდის.
საფინანსო ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე განთავსდება საკრედიტო და სადეპოზიტო ხელშეკრულებების ნიმუშებისა და მნიშვნელოვანი პირობების შესახებ ინფორმაცია. გარდა ამისა, საფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებული საკრედიტო და სადეპოზიტო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, მათ შორის ინფორმაცია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ, ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტ-ბანკში, და ა.შ.
ეთიკის კოდექსისა და საფინანსო ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებების ძირითადი მოთხოვნები 2022 წლის 1 მარტიდან, ხოლო მომხმარებელთან და საკონტაქტო პირებთან კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერების წარმოების ვალდებულება არაუგვიანეს 1 ივნისიდან ამოქმედდება. ამასთან, საფინანსო ორგანიზაციებთან უკვე გაფორმებული საკრედიტო და სადეპოზიტო ხელშეკრულებები ინტერნეტ-ბანკში 2022 წლის 1 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, რეგულატორი მუდმივად ახორციელებს საკანონმდებლო ბაზის დახვეწასა და ცვლილებას.
წყარო: ეროვნული ბანკი
ყველა ახალი ამბავი
0