ახალგაზრდა პროგრამისტის მკვლელობაში დამკვეთი ფიგურირებს – ნიკა კვარაცხელიას დედა

© Facebook / Nico Kvaratskheliaნიკო კვარაცხელია
ნიკო კვარაცხელია
 - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
გამოწერა
მორიგი სასამართლო მოსმენა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 18 თებერვალს გაიმართება.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თბილისში მოკლული პროგრამისტის ნიკა (ნიკო) კვარაცხელიას დედამ იზა ომაძემ დუმილი დაარღვია და გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც რეზონანსული საქმის დეტალებზე საუბრობს. წერილის ტექსტი „რუსთავი 2"-მა გამოაქვეყნა.
ქართული ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის შემქმნელის მკვლელობა თბილისში 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟს ათზე მეტი ტყვია ესროლეს. ბრალდებულების - აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის იდენტიფიცირება ვიდეკამერების ჩანაწერებით მოხდა. ისინი სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში, მიტოვებულ სახლში 7 ოქტომბერს დააკავეს.

„18 თებერვალს სასამართლო პროცესია, მინდა დავარღვიო დუმილი და მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია, რომელიც არა მარტო ჩვენმა ოჯახმა, არამედ ბევრმა ადამიანმა იცის – რომ გიორგი კავილაძეს აქვს აღიარებული დანაშაული, მას დეტალურად აქვს აღწერილი დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი და დასახელებული ჰყავს დამკვეთიც", – დაწერა იზა ომაძემ.

მისი თქმით, „სამი უღირსი ადვოკატი" და ბრალდებულების ოჯახები ყველაფერს აკეთებენ, რომ არ დასახელდნენ საქმის სხვა ფიგურანტები. და თუ არ დადგინდა და არ დასახელდა მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი, ამას შეიძლება ქვეყნის მართლმსაჯულება გადაჰყვეს, წერს კვარაცხელიას დედა.
„კავილაძეებმა ერთხელ უკვე მსგავსი მეთოდით დაიხსნეს შვილი დანაშაულიდან. ღმერთმა არ ქნას, რომ ამ რამდენიმე ადამიანს გადაჰყვეს ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულება", – დაწერა იზა ომაძემ.
ჭელიძემ დანაშაული ნაწილობრივ აღიარა. მან განაცხადა, რომ დანაშაული ჯგუფური არ ყოფილა და მხოლოდ მან ისროლა. კავილაძე კი დამნაშავედ თავს მხოლოდ იმაში აღიარებს, რომ დანაშაული დაფარა.
დანაშაულები, რომლებმაც 2021 წელს საქართველო შეძრა>>
როგორც გამოძიებამ დაადგინა, კავილაძე და ჭელიძე მკვლელობისთვის წინასწარ მოემზადნენ: შეიძინეს იარაღი, ნაქირავები ავტომობილით ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ.
კავილაძე მანქანაში ელოდა ჭელიძეს, რომელიც კვარაცხელიას მიუახლოვდა და მთელი მჭიდი დააცალა.
ამის შემდეგ ჭელიძე ისევ მანქანაში ჩაჯდა და კავილაძესთან ერთად დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მათ გზად ჯერ კავილაძის კუთვნილ მაღაზიაში შეიარეს და სამხილები მოიშორეს, შემდეგ კი წყნეთში მდებარე მიტოვებულ სახლს შეაფარეს თავი.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2022
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს
მკვლელობის მოტივი დღემდე უცნობია. თავად დაღუპულს კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ ნიკა კვარაცხელია დაბრუნდა საქართველოში და, ასაკის მიუხედავად, IT-ტექნოლოგიების სფეროში პერსპექტიული მეწარმე გახდა. ის ქართული Forbes-ის 30 Under 30-ის სიაშიც კი მოხვდა (30 წლამდე ასაკის წარმატებული ბიზნესმენების სია).
ნიკა კვარაცხელიამ რამდენიმე წლის წინ საქართველოში შექმნა მრავალფუნქციური ონლაინ-პლატფორმა Feedc, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელს, სატელევიზიო და საგანმანათლებლო არხებს და ა.შ. პლატფორმას უკვე 250 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. „ტრაფიკის" მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ის მე-20 ადგილს იკავებს.
წყარო: რუსთავი 2
ყველა ახალი ამბავი
0