ღარიბაშვილი: პენსიონერების საპროცენტო განაკვეთი 26%-მდე დაიწევს

© photo: Sputnik / Stringerასაკოვანი ქალი
ასაკოვანი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
გამოწერა
პენსია და საპენსიო სესხი ახალი პირობებით 2023 წლიდან გაიცემა.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. პენსიონერების საპროცენტო განაკვეთს 26%-მდე დავწევთ, რაც კიდევ ერთი შვება იქნება ჩვენი პენსიონერებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ყველაზე ძვირი საბანკო სერვისის – საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი დაიწევს. თუ აქამდე პენსიონერები პენსიით უზრუნველყოფილ სესხს 35%-იანი დანამატით იღებდნენ, ახლა ეს მაჩვენებელი 26%-მდე შემცირდება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს ეს საპროცენტო განაკვეთი 80%, 90% და 100%-ზე მეტიც იყო.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მინიმუმამდე დავწიეთ ეს საბანკო პროცენტი, მაგრამ 35% მაინც მაღალია პენსიონერებისთვის. ამიტომ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ შევქმენით კომისია, იმუშავეს ამ საკითხზე და შეჯერდნენ, რომ აღნიშული 26%-ს არ ასცდება", – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს
უწყების ცნობით, საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათშორისმა კომისიამ განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვით მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით. ამ ეტაპზე ინტერესი „ლიბერთი ბანკმა" და „საქართველოს ბანკმა" გამოთქვეს.
ასევე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო მზადაა გამარჯვებულ ბანკს პენსიების დარიგების მომსახურებაში ყოველწლიურად 15 მლნ ლარი გადაუხადოს.
„საპენსიო სესხი“ გაიაფდება: პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს>>
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების საკითხში „ლიბერთი ბანკია" (Liberty Bank). ბანკთან ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა. მისი ვადა 2019 წელს ამოიწურა, მაგრამ შეთანხმება 2022 წლამდე გაგრძელდა.
დღეს საქართველოში დაახლოებით 787,4 ათასი პენსიონერია. ხანდაზმულობის პენსია ენიჭებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. 70 წლამდე პენსიონერები 240 ლარის ოდენობის პენსიას, 70 წელს გადაცილებული პირები კი 275 ლარს იღებენ. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პენსიონერები პენსიასთან ერთად დანამატს იღებენ.
სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2,6 მლნ ლარია გამოყოფილი.
ყველა ახალი ამბავი
0