„საპენსიო სესხი“ გაიაფდება: პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს

© photo: Sputnik / Aleksey Danichev
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2022
გამოწერა
პენსია და საპენსიო სესხი ახალი პირობებით 2023 წლიდან გაიცემა.
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ყველაზე ძვირი საბანკო სერვისის – საპენსიო სესხების პროცენტული განაკვეთი დაიწევს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
თუ აქამდე პენსიონერები პენსიით უზრუნველყოფილ სესხს 35%-იანი დანამატით იღებდნენ, ახლა ეს მაჩვენებელი 26%-მდე შემცირდება.

„საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათშორისმა კომისიამ განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვით მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით. ამ ეტაპზე ინტერესი „ლიბერთი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ გამოთქვეს.
ასევე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო მზადაა გამარჯვებულ ბანკს პენსიების დარიგების მომსახურებაში ყოველწლიურად 15 მლნ ლარი გადაუხადოს.
კომისიის სხდომას ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ტენდერში ბანკების მხრიდან მაღალი კონკურენცია იქნება, რაც უზრუნველყოფს პენსიონერების უფლებების დაცვას და მათთვის მაქსიმალურად მისაღები პირობების შეთავაზებას.
უწყებათშორისი კომისიის შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კომისიის საქმიანობაში ასევე ჩართულია საქართველოს ეროვნული ბანკი.
უწყებათშორისი კომისია, მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, 28 ივლისს შეიქმნა.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების საკითხში „ლიბერთი ბანკია“ (Liberty Bank). ბანკთან ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა. მისი ვადა 2019 წელს ამოიწურა, მაგრამ შეთანხმება 2022 წლამდე გაგრძელდა.
დღეს საქართველოში დაახლოებით 787,4 ათასი პენსიონერია. ხანდაზმულობის პენსია ენიჭებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. 70 წლამდე პენსიონერები 240 ლარის ოდენობის პენსიას, 70 წელს გადაცილებული პირები კი 275 ლარს იღებენ. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პენსიონერები პენსიასთან ერთად დანამატს იღებენ.
სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2,6 მლნ ლარია გამოყოფილი.
წყარო: საქართველოს მთავრობა
ყველა ახალი ამბავი
0