პრემიერი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიებით დაინტერესდა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა თაღლითურ სქემასთან წინა ხელისუფლების წარმომადგენლების კავშირის შესახებ განაცხადა.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების გამოყენებით ტრანსნაციონალური თაღლითობის საქმის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.
ტრანსნაციონალური დანაშაულის სქემის გახსნის შესახებ საქართველოს პროკურატურამ პირველად 2021 წლის ოქტომბერში განაცხადა. მაშინ საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლობის შედეგად შვიდი ადამიანი დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2022 წლის იანვარში ანალოგიური დანაშაულისთვის კიდევ ექვსი ადამიანი დააპატიმრეს.

„რამდენადაც სპეკულაციები არ წყდება, მინდა ვთხოვო ბატონ ლაშა ხუციშვილს (ფინანსთა მინისტრი) საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შექმნას. ჩართეთ სხვა უწყებებიც, რომლებიც ქვეყანაში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობას შეისწავლიან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა ამ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა, რათა შეწყდეს სპეკულაციები.
„ქვეყანაში სხვადასხვა ქოლ-ცენტრი არსებობს და ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. თუმცა, თუ მათი საქმიანობა კანონს სცდება, რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი რეაგირებაა საჭირო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ქოლ-ცენტრებთან წინა ხელისუფლების წარმომადგენლების კავშირის შესახებაც გააკეთა განცხადება, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებენ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ გვარების დასახელებისგან თავს შეიკავებს.

„მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათი დანაშაულებრივი სქემები გამოავლინა, შურისძიების მიზნით მათ, ასე ვთქვათ, დანაშაულის სხვაზე, ამ შემთხვევაში მთავრობის წევრებზე გადაბრალება დაიწყეს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და ამას სჭირდება არგუმენტირებული პასუხი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გასულ კვირაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ოპოზიციური ტელეარხების – „მთავარისა“ და „ფორმულას“, ასევე პარლამენტის დეპუტატის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
სარჩელი სასამართლოში: სუსის უფროსი ორ ოპოზიციურ ტელეარხსა და ერთ დეპუტატს უჩივის>>>
ლილუაშვილი მოითხოვს საჯარო ბოდიშს და მიყენებული მორალური ზიანისთვის სიმბოლური კომპენსაციის – 1 ლარის გადახდას.
სარჩელი უკავშირდება „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტებს ე.წ. ქოლ-ცენტრების უკანონო საქმიანობისა და ფულის გათეთრების სქემების შესახებ, რომელშიც ლილუაშვილი დასახელებული იყო იმ პირთა შორის, რომლებიც დანაშაულებრივ ქოლ-ცენტრებთან არიან კავშირში.
გამოძიების ვერსიით, თაღლითების ჯგუფებმა საქართველოდან დააფუძნეს რამდენიმე კომპანია, რომლებსაც ონლაინ-პლატფორმებით მართავდნენ. მათ ფიქტიური ონლაინ-კომპანიების ბაზაზე შექმნეს ე.წ. ქოლ-ცენტრები, რომელთა ოპერატორები ურეკავდნენ უცხოელებს ევროპაში და არწმუნებდნენ, მონაწილეობა მიეღოთ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში. სინამდვილეში კი არანაირი ვაჭრობა არ ტარდებოდა, ხოლო თაღლითები ფულს ისაკუთრებდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0