მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს - პროკურატურა განმარტებას აკეთებს

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ ადვოკატებმა პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართეს. ისინი მოითხოვდნენ სააკაშვილის ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად აღიარებას.
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნების არარსებობის გამო უარი განაცხადა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობაზე, თუმცა მზადყოფნა გამოთქვა დაცვის მხარისთვის საქმის მასალების გადაცემაზე, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მიმდინარე კვირაში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნისა და წამების საქმეზე მისი დაზარალებულად ცნობის თხოვნით მიმართეს.
სისხლის სამართლის საქმე „არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით აღიძრა ადვოკატების განცხადების შემდეგ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირებისას ექს-პრეზიდენტის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და დამცირებას.

პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 29 ნოემბერს პროკურატურის მიერ გაცემული იქნა მითითება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ, რომელთა ნაწილიც ამ დრომდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შესრულებული არ არის.

კერძოდ, საქმეზე რიგი ექსპერტიზებია დანიშნული, მათ შორის, კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რათა განისაზღვროს, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში თუ რამდენად სათანადო სამედიცინო მომსახურება გაეწია სააკაშვილს. ამასთან, საქმეზე გამოთხოვილ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე დანიშნულია ვიდეოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
ციხის ნაცვლად ეპარქია: მმართველი პარტიის განმარტება მიტროპოლიტ ნიკოლოზის ინიციატივაზე
„ამ ეტაპზე გამოძიებამ ვერ მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შედეგებიც მნიშვნელოვანია საქმის გარემოების დასადგენად. აქედან გამომდინარე, პროკურორის წერილობითი მითითებების შესრულებამდე, მათ შორის შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების მიღებამდე და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ცალკეული გარემოებების გადამოწმების მიზნით შესაბამისი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების ჩატარებამდე, პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას საქმეზე მიიღოს რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, მათ შორის პირი ცნოს დაზარალებულად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავდროულად, პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს მიეცეთ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა.
ადვოკატები სააკაშვილისთვის ფსიქიატრიულ ექსპერტიზას მოითხოვენ>>>
სააკაშვილი, რომელიც ქვეყანაში უკრაინიდან არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, ამ დროისთვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს –2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
ყველა ახალი ამბავი
0