ადვოკატები სააკაშვილისთვის ფსიქიატრიულ ექსპერტიზას მოითხოვენ

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა გვარამია სასამართლოს შენობასთან
ნიკა გვარამია სასამართლოს შენობასთან - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
გამოწერა
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნოს სააკაშვილის ეტაპირების ამსახველი ვიდეომასალები
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნისა და წამების საქმეზე მისი დაზარალებულად ცნობის თხოვნით მიმართეს.
სისხლის სამართლის საქმე „არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით აღიძრა ადვოკატების განცხადების შემდეგ, რომ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირებისას ექს-პრეზიდენტის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და დამცირებას.
„ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს ამ საკითხზე. ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან გვაქვს მასალების გაცვლა-გამოცვლა, თუმცა არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება“, - ასე ახსნა სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაზარალებულად ცნობის აუცილებლობა.
მისი თქმით, ადვოკატებს პირველ რიგში აინტერესებს ექს-პრეზიდენტის ციხეში ეტაპირების სრული მარშრუტის ვიდეოჩანაწერი.
ამავე დროს ადვოკატმა განაცხადა, რომ არ ელის, რომ სააკაშვილს დაზარალებულად ცნობენ.
„ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ დაზარალებულად ვიქნებით ცნობილი ამ საქმეზე, შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორს მოვუწოდებთ, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეომასალა, რადგან ამასთან დაკავშირებით დაზარალებული სააკაშვილის თანხმობა არსებობს“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
გარდა ამისა, ადვოკატები სააკაშვილისთვის სრულ სამედიცინო ექსპერტიზას მოითხოვენ.
„ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას და ვითხოვთ მხოლოდ ერთადერთი ფორმატით. ამ კვლევას ვერ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება. იმთავითვე ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, არამედ კომისიური სახით ჩატარებული სრული სამედიცინო ექსპერტიზა“, - განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, დაცვის მხარე ექსპერტიზაში ცენტრ „ემპათიის“ სპეციალისტების ჩართვას მოითხოვს.
სააკაშვილის კადრების გავრცელება: პენიტენციური სამსახურისთვის დაკისრებული ჯარიმა გაუქმდა >>
დეკემბრის დასაწყისში ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს როგორც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, ისე გლდანის ციხის საავადმყოფოში დიდი დოზით ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რომელთა არაადეკვატური მიღებაც ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება. ამაზე სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს ფსიქოტროპული მედიკამენტები ძილთან დაკავშირებული პრობლემების გამო აქვს დანიშნული. სახალხო დამცველის ექსპერტებმა კონსილიუმის შემდეგ ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა უგულებელჰყვეს.
სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად 29 სექტემბერს უკრაინიდან არალეგალურად დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 50-ე დღეს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სააკაშვილი, გარდა სახელმწიფო თანხების გაფლანგვისა, კიდევ ორი საქმის ფიგურანტია - 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა და საზღვრის უკანონო კვეთა. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წელი უკვე მისჯილი აქვს. ესაა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეები.
ყველა ახალი ამბავი
0