პოლიტიკოსებს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შორის ფავორიტები შერჩეული ჰყავთ

© Sputnik / Alexander Imedashviliცესკოს შენობა
ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
გამოწერა
თუ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დეპუტატთა ორი მესამედის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, გაიმართება ხელახალი კენჭისყრა, სადაც უკვე უბრალო უმრავლესობა იქნება საკმარისი.
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა სიამ პოლიტიკურ წრეებში მხურვალე რეაქცია გამოიწვია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეტენზიას აცხადებს ოთხი კანდიდატი: ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ვაკის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თამაზ ფოლადაშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი და კონსტიტუციონალისტი თენგიზ თევზაძე და ენერგეტიკის ასოციაციის დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი.
არასამთავრობოები განზე გადგნენ
ქვეყნის წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამჯერად გადაწყვიტეს, არ წამოეყენებინათ კანდიდატი და არც სხვა კანდიდატების შერჩევაში მიეღოთ მონაწილეობა.
„როდესაც მივიღეთ ცესკოსგან მოწვევა, გადავწყვიტეთ, რომ მონაწილეობა მიგვეღო... მაგრამ როდესაც ვნახეთ შემადგენლობა, გადავწყვიტეთ, რომ წინასწარ დაგვეტოვებინა ეს პროცესი“, - აღნიშნა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.
მისი თქმით, გასულ წელს კომისიის წევრების ნაწილმა მიკერძოებულობა და არაობიექტურობა გამოიჩინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევისას.
ხელისუფლების პოზიცია
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრების აზრით, რომელსაც პარლამენტში 83 ხმა აქვს, წარმოდგენილ კანდიდატთა შორის ყველაზე ღირსეული ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილია.
„გიორგი კალანდარიშვილს კარგი წინაპირობა აქვს, რათა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დაამტკიცონ. გიორგი კალანდარიშვილმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა როგორც თანამდებობაზე არჩევის დროს, ასევე მის მიერ ჩატარებული არჩევნების მართვით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ სარჯველაძემ.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
იწყება ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება
შედარებით თავშეკავებული იყო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
„რაც შეეხება ცალკეულ კანდიდატურებს, ამასთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით. საჭიროა, კომისიამ შეარჩიოს, შემდეგ პროცესმა პარლამენტში გადმოინაცვლოს და პარლამენტში მოხდეს მისი განხილვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, მან არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის ნაწილი პროცესის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
„ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევა გახლავთ საარჩევნო რეფორმის შედეგად შეთანხმებული პროცედურა, რომელიც თითქმის სრული კონსენსუსით შეთანხმდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით. ახლა ზოგიერთი პარტია, თუ ორგანიზაცია ცდილობს ა პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ოპოზიციის შეფასება
მმართველ პარტიასა და მის ფავორიტ გიორგი კალანდარიშვილს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც უჭერს მხარს.
„კალნდარიშვილის მხარდაჭერაზე პარტიას პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს. არგუმენტი – რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი კალანდარიშვილს, არ გვაქვს. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, არჩევნების დღეს ცესკო მუშაობდა ორგანიზებულად და ეფექტურად“, – განაცხადა საპარლამენტო პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
პარტია „გირჩს“ კი ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი.
„თვითმმართველობის არჩევნები სტანდარტული, ქართული არჩევნები იყო თავისი დარღვევებით და მოსყიდვებით, მაგრამ კარგად და გამართულად ჩატარდა. ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც თქვეს. კალანდარიშვილის მხარდაჭერაზე საბოლოო პასუხი არ მაქვს, ამაზე პარტიაში შიდა კონსულტაციები გვექნება“, - აღნიშნა პარტიის წარმომადგენელმა ჰერმან საბომ.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა კი წინასწარ განაცხადეს, რომ მხარს არ დაუჭერენ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ არცერთ კანდიდატს.
„ისინი აირჩევენ მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ და შემოწმებულ კანდიდატებს, რომლებსაც ენდობიან. ჩვენ მათ მხარს არ ვუჭერდით შარშან და არც ახლა ვუჭერთ მხარს“, - აღნიშნა პარტიის დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის თანამდებობებზე ახალი კონკურსი გამოცხადდა
პარლამენტში წარმოდგენილი დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ჯერ თავს იკავებენ კომენტარებისგან.
რას ითვალისწინებს პროტოკოლი
პროცედურის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი სიიდან შეარჩევს ორ კანდიდატს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე და მათ პარლამენტს წარუდგენს.
დეპუტატები მოუსმენენ კანდიდატებს და დაიწყება კენჭისყრის პროცედურა. ცესკოს თავმჯდომარის ადგილს დაიკავებს კანდიდატი, რომელიც დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერას მოიპოვებს.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს მხარდაჭერას, გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა და ცესკოს თავმჯდომარე გახდება კანდიდატი, რომელიც დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს.
ამჟამად არცერთ პარტიას არ აქვს ხმების 2/3, რათა ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერა უზრუნველყოს. თუმცა „ქართულ ოცნებას“ საკმარისი ადგილები აქვს, რათა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე განმეორებითი კენჭისყრის შემთხვევაში სასურველი კანდიდატი დაამტკიცოს.
ყველა ახალი ამბავი
0