რაზე ოცნებობს ღარიბაშვილი – პრემიერმა მიმდინარე წელი შეაფასა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
ღარიბაშვილმა 2021 წლის ძირითად გამოწვევებს შორის დაასახელა არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, რთული ეპიდსიტუაცია, ვაქცინების არარსებობა, ეკონომიკის აღდგენა.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. არჩევნებამდე მომავალი სამი წელი საქართველოსთვის უნდა გახდეს მშენებლობის, განვითარების, აყვავების, მშვიდობისა და სტაბილურობის წლები, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ შემაჯამებელ ინტერვიუში მთავრობის მეთაურმა შეაფასა გასული წელი, ისაუბრა ძირითად გამოწვევებსა და სამომავლო მიზნებზე და იმაზე, რაზე ოცნებობს ყველაზე მეტად.
რთული, მაგრამ წარმატებული
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელი რთული და გამოწვევებით სავსე იყო, შეიძლება ითქვას, რომ იგი წარმატებული იყო, განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავარ გამოწვევებს შორის, რომლის წინაშეც ქვეყანა 2021 წელს აღმოჩნდა, ღარიბაშვილმა დაასახელა რთული ეპიდვითარება, ვაქცინების არარსებობა, ეკონომიკა, რომელიც, პრემიერის თქმით, მინუსებში იყო და არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, როცა ქვეყანა „მუდმივი საბოტაჟის ზღვარზე“ იყო.
„პარლამენტი იყო პარალიზებული, ქვეყანა მუდმივი საბოტაჟის წინაშე იდგა, ასევე იყო არჩევნები, გამოცხადდა რეფერენდუმი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის პლატფორმის შექმნა შესთავაზა>>>
მიუხედავად ამისა, პრემიერის განმარტებით, წელი ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლით დასრულდა, ახლა ქვეყანაში 5 მლნ დოზაზე მეტი ვაქცინაა, არჩევნები კი სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

„ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ და დავასრულეთ ეს რეფერენდუმი, ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, დავასრულეთ არჩევნების გაყალბების თაობაზე ყოველგვარი სპეკულაცია“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, არის ძალზე კარგი სასტარტო პირობები და ძლიერი ფუნდამენტი იმისთვის, რომ 2022 წელი გაცილებით წარმატებული იყოს.
თანხმობის იდეა
ქვეყანაში პოლარიზაციის დონე საკმაოდ მაღალია, რაც ჩვენ არ გვჭირდება, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, განაცხადა პრემიერმა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა წარმატებები უსურვა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრის ინიციატივით გამოვიდა.

„თუ ვინმე მოისურვებს აღიარებას, პოლიტიკის შეცვლას, უარის თქმას რადიკალიზმზე, რევანშზე და ა.შ., რა თქმა უნდა, ჩვენ მოხარული ვიქნებით. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის რთულია ამ პროცესის წარმოდგენა... ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება რთული იქნება, თუმცა მე ამის მოხარული ვიქნებოდი. წარმატებებს ვუსურვებ ამ იდეის ავტორსა და ინიციატორს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალთა შერიგებისა და ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრის ინიციატივით გამოვიდა.
15 დეკემბერს ზურაბიშვილმა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიწვია და საერთო ეროვნული შერიგების ხედვა გააცნო, მოგვიანებით კი დაიწყო ინდივიდუალური შეხვედრები პოლიტიკოსებთან.
რაზე ოცნებობს პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყველაზე დიდი ოცნება ქვეყანაში არსებული სიღარიბის დაძლევაა. ღარიბაშვილის შეფასებით, ახალი სოციალური პროგრამა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას.
უკვე ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა 2022 წლიდან სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე მოქალაქეების დასაქმების პროცესის დაწყებას გეგმავს.

„იქნება აბსოლუტურად სხვა დინამიკა და ქვეყანაში სხვა პროცესი დაიწყება. იგი პირდაპირ დაარტყამს სიღარიბეს. არ მინდა პროცესებს წინ გავუსწრო, თუმცა, წინასწარი გაანგარიშებით, პირველ ეტაპზე ჩვენ დაახლოებით 100 მლნ ლარის გამოყოფა დაგვჭირდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული თანხა ეტაპობრივად გაიზრდება, რათა ამ კატეგორიის ადამიანებმა ღირსეული ანაზღაურება მიიღონ.
„სხვა გეგმებთან ერთად, ერთი მთავარი ოცნება მაქვს – ვებრძოლო სიღარიბეს ჩემს გუნდთან ერთად. ჩვენ ამ პროცესს დავიწყებთ. შემდეგ ჩვენ ვაჩვენებთ დინამიკას და ჩვენი მოსახლეობა ამას დაინახავს. შევქმნით სამუშაო ადგილებს“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ამბიციური გეგმის – 300 ათასი ადამიანის დასაქმების შესრულებას.
„მისი (სისტემის) მართვა დაახლოებით ისე უნდა მოხდეს, როგორც იმართება ჯარი. ჩვენ ადამიანებს კარგად უნდა ავუხსნათ, რომ იმ პირებს, ვინც ამ პროგრამაში ჩაერთვება, არ გაუუქმდებათ ყოველთვიური დახმარება, ჩვენ აღნიშნულ თანხას ხელფასის სახით გავცემთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
ფაშინიანი: საქართველო და სომხეთი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას გეგმავენ
კითხვაზე, თუ სად დასაქმდებიან ეს ადამიანები, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ არსებობს საზოგადოებრივი სამუშაოს ბევრი სახეობა, რომელთა იდენტიფიკაციაც უკვე დაწყებულია. გარდა ამისა, შექმნილია ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს.
„ქვეყანაში ძალზე მასშტაბური პროცესი დაიწყება. მათ ღირსეულ ხელფასს გადაუხდიან და ამ კუთხით ჩვენ გარდატეხას მოვახდენთ“, – აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს როლი კავკასიაში
საქართველოს ყოველთვის ჰქონდა და აქვს სწორი ადგილი და როლი კავკასიაში და საჭიროა ამ მიმართულების გაძლიერება, განაცხადა მთავრობის მეთაურმა. ღარიბაშვილის თქმით, მას კარგი, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ისე სომხეთი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
„გვაქვს ძალიან გახსნილი, ძმური, მეგობრული ურთიერთობა, გახსნილი კომუნიკაცია და, ვფიქრობ, ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ მოცემული სიტუაცია რეგიონში ახალი რეალობის შესაქმნელად გამოვიყენოთ“, – განაცხადა ღრიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ამ თემაზე საუბრის საფუძველს მას აძლევს ის განწყობა, რომელიც ორივე ლიდერის მხრიდან მომდინარეობს.

„ორივე ლიდერი დაინტერესებულია, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა, ახალ ეტაპზე გადავიდეს მათი ურთიერთობებიც, რომ ვისაუბროთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ენერგეტიკაზე, ვაჭრობაზე და ა.შ. და საბოლოო ჯამში სამივე ქვეყანა თუ მოვახერხებთ მსგავსი წარმატების მაგალითების შექმნას, ეს სამივე ქვეყანას და რეგიონს წაადგება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და რეგიონში ძლიერი მოთამაშეა და ამ ურთიერთობების შენარჩუნება აუცილებელია.
ყველა ახალი ამბავი
0