სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება: საპარლამენტო კომიტეტებში განხილვა დასრულდა

© photo: Sputnikპარლამენტის სხდომა. უმრავლესობის დეპუტატები
პარლამენტის სხდომა. უმრავლესობის დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
უკვე ცნობილია თარიღი, როდიდან დაიწყება სამსახურის გაუქმება და დაშლა
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტის განხილვა ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიმდინარეობდა.
ცხარე კამათის შემდეგ კომიტეტებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. ხვალ დოკუმენტი პირველი მოსმენით უკვე პლენარულ სხდომაზე გავა.
როგორც დოკუმენტის ტექსტშია ნათქვამი, ცვლილებები, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევა.
ჯერჯერობით ბუნდოვანია, რა ბედი ეწევა სამსახურის 114 თანამშრომელს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ აღნიშნა, სამსახურის თანამშრომლები გამოცდილი და კომპეტენტური სპეციალისტები არიან და მათი დასაქმებისთვის ყველაფერი გაკეთდება.
„როდესაც ეს ორი ახალი სამსახური შეიქმნება, გავცემთ რეკომენდაციას, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ ის, რომ თანამშრომლები, რომლებიც შესაბამისი ფუნქციებით დღეს არიან დასაქმებულები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, იქნენ გათვალისწინებულნი იმ ორ სამსახურში“, - განაცხადა მიქანაძემ.
უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება და მის ნაცვლად შეიქმნება ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს თანამდებობის პირების დანაშაულებს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაუწევს მონიტორინგს პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, მოსმენების საკითხს.
დეპუტატების ინიციატივა ასევე ითვალისწინებს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილების გაფართოებას, რათა მან გამოიძიოს ყველა ის დანაშაული, სადაც საჯარო მოხელეები ფიგურირებენ. ორივე სამსახურის უფროსს პრემიერთან არსებული კომისია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს.
სალომე ზურაბიშვილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა >>
ამ რეფორმას ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას არ აწყობს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო და ამას ამ ორგანოს პოლიტიზების მცდელობად თვლიან. იმავდროულად, მმართველი პარტიის დეპუტატები რეფორმას ინტერესთა კონფლიქტით ხსნიან, როდესაც პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მათი გაჟონვის დაუშვებლობაზე პასუხისმგებელი ორგანო თავადვე ასეთივე საგამოძიებო ორგანოა.
კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ 2018 წელს მიიღეს. ახალ უწყებას დაევალა პერსონალური მონაცემების დაცვა, ასევე გარკვეული სახის დანაშაულების გამოძიება.
სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის გაუქმების საპარლამენტო ინიციატივას ეხმაურება >>
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო იძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირების მხრიდან წამების, არაადამიანური მოპყრობის, წამების მუქარის, დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს.
გარდა ამისა, სამსახურის კომპეტენციაში შედის ძალის ან იარაღის გამოყენებით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0