„რა შერიგება?!“ – პოლიტოლოგი საქართველოს პრეზიდენტების ინიციატივებზე

© photo: Sputnikსაქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
კვლავ გაურკვეველია, შედგება თუ არა საქართველოს სამი პრეზიდენტის, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის შეხვედრა.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შერიგებაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია, მიაჩნია პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტს გია ხუხაშვილს.
ბოლო დღეებში საქართველოში აქტიურად განიხილება სამი პრეზიდენტის – მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და მისი ორი წინამორბედის – გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის თემა. აღნიშნულ ინიციატივას, რომელიც მარგველაშვილს ეკუთვნის, მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარი უკვე დაუჭირა.

„ესაა მკვდრადშობილი პროექტი, ვინაიდან რეალური შერიგების არავითარი საფუძველი არ არსებობს. ეს უბრალოდ დეკლარირებული და პოზიტიური სურვილებია, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ საუბრებია“, – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ხუხაშვილმა.

ექსპერტის სიტყვებით, ზურაბიშვილი, დიდი ალბათობით, ამგვარ ფორმატს არ დათანხმდება. მოქმედმა პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თავის თავზე აიღებდა ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრის ინიციატივას. შექმნილი ვითარებიდან გამოსვლა, მისი თქმით, შესაძლებელია საერთო ეროვნული დისკუსიით. როგორც აღმოჩნდა, წინამორბედებს მოქმედი პრეზიდენტის იდეა მოეწონათ.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
ზურაბიშვილის წინადადებამ პოლიტიკოსები ორად გაყო: ვინ მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას?
„ჩვენ გვჭირდება შერიგება არა რომელიმე ლიდერებს შორის, არამედ საზოგადოებაში. იმისათვის, რომ საზოგადოება შერიგდეს, საჭიროა რაიმე სისტემურის მოფიქრება და არა უბრალოდ ორი ბოსის მოლაპარაკება“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
როგორც ხუხაშვილმა განმარტა, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური კონკურენტები არიან და შერიგებაზე განცხადებების არსი გაუგებარია.
„ისინი პოლიტიკური კონკურენტები არიან, მათ უნდა იპაექრონ. რას ნიშნავს პარტიებს შორის შერიგება? ეს ნიშნავს მიშას ციხიდან გამოშვებას, თუ რას? ვფიქრობ, სხვადასხვა მხარე შერიგებას განსხვავებულად აღიქვამს. ეს ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი, და განცხადებებს საქმე არ გასცდება“, – დაასკვნა ხუხაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ უკვე განაცხადა, რომ შერიგება აზრს კარგავს მანამ, სანამ სააკაშვილი პატიმრობაში რჩება.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
ხელისუფლებაში უპასუხეს სააკაშვილის წინადადებას „დიდი გადატვირთვის“ დაწყების შესახებ
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის სავარაუდო ადგილად მხარეებს პრეზიდენტის რეზიდენცია შესთავაზა. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა კი პრეზიდენტები მიიწვია გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც იგი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაყვანის შემდეგ მკურნალობის კურსს გადის.
სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე მისჯილი აქვს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა. არჩევნებში დამარცხების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ პერმანენტულად მართავს საპროტესტო აქციებს და მოითხოვს ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
ყველა ახალი ამბავი
0