ოპოზიციამ ბათუმის მერის კაბინეტი დაიკავა – ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო

© photo: Sputnikბათუმის მერია
ბათუმის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მერი და მერია კორუფციასა და ბიზნესის დატერორებაში დაადანაშაულეს.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. პოლიციას ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის კაბინეტიდან საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ძალით გამოყვანა მოუხდა – ისინი ქალაქის თავს უკანონობის იგნორირებაში ადანაშაულებდნენ და უარს ამბობდნენ მისი სამუშაო ოთახის დატოვებაზე.
ბათუმის მერიაში ხმაური დილიდან დაიწყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩიქოვანის კაბინეტში მასზე ადრე შევიდნენ. როდესაც მერი მივიდა, მათ ბრალი დასდეს, რომ ქალაქში უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს, მერიაში კორუფცია ყვავის და ბიზნესმენებს ატერორებენ.
ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ბესიკ ცეცხლაძე იარაღით ემუქრებოდა ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძესა და მის თანამშრომლებს. მათი თქმით, ინციდენტი ე.წ. აეროპორტის დასახლებაში, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მოხდა. საკრებულოს დეპუტატების თქმით, მათ ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერიც აქვთ.

„რამდენიმე დღის წინ მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ობიექტზე იარაღით მივიდა. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი თანამშრომლები იარაღით უნდა დადიოდნენ? მოახდინეთ რეაგირება, შეუჩერეთ უფლებამოსილება ცოტა ხნით მაინც. აგვიხსენით ასევე, რატომ შენდება უნებართვოდ ლეონიძის ქუჩაზე ე.წ. ჩინური კვარტალი?!" – მიმართა მერს საკრებულოს დეპუტატმა რეზო ხარაზმა.

ამ ბრალდებების საპასუხოდ ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა არჩილ კონცელიძემ განაცხადა, რომ მის მოადგილეს იარაღის ტარების უფლება აქვს.
მერმა კი განმარტა, რომ ობიექტზე, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, სამუშაოები კანონის დარღვევით სრულდებოდა და ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.
ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა ჩაშალა - ვიდეო
 - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა ჩაშალა – ვიდეო
„ერთ-ერთ ობიექტზე შესულ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს იქ მომუშავეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების შედეგების შესაბამისად გატარდება ღონისძიებები. არ არის საჭირო ეს მასკარადი", – განაცხადა ჩიქოვანმა.
მერის არგუმენტები დამაჯერებელი არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის, გაგრძელდა სიტყვიერი შელაპარაკება. მერის თხოვნას კაბინეტის დატოვების თაობაზე მათ ყური არ ათხოვეს, ამიტომ ჩიქოვანმა თავად დატოვა სამუშაო ოთახი.
ადგილზე გამოიძახეს სამართალდამცველები, რომლებმაც ოპოზიციონერები მერის კაბინეტიდან ძალით გაიყვანეს. ხმაური შემდეგ დერეფანში გაგრძელდა.
ყველა ახალი ამბავი
0