ჟენევის მოლაპარაკებები – მთავარი საკითხი კვლავ გადაუჭრელია

© AFP 2024 / FABRICE COFFRINIჟენევა
ჟენევა - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებმა ჟენევაში კონფლიქტების მოგვარების თაობაზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს.
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ჟენევაში საქართველოს, აშშ-ის, რუსეთის, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო თანათავმჯდომარეების მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი, რიგით 55-ე რაუნდი გაიმართა, რომელზეც მწვავე საკითხები განიხილეს. მხარეები კვლავაც საკუთარი მოსაზრებების ერთგული დარჩნენ, თუმცა დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებების, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები. ამ ეტაპზე იგი საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი მოქმედი ფორმატია.

„ადგილებზე უსაფრთხოების მხრივ არსებული საერთო სიტუაცია შეფასდა, როგორც შედარებით სტაბილური... მონაწილეებმა გულახდილად ისაუბრეს გადაუჭრელ საკითხებზე, როგორებიცაა გადაადგილების თავისუფლება, დოკუმენტაცია და საზღვარგარეთ გამგზავრება, დაკავებები, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოუგვარებელი საქმეები და გარკვეულ რაიონებში უსაფრთხოების კონკრეტული პრობლემები“, – ნათქვამია ეუთოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ თანათავმჯდომარეთა განცხადებაში.

ორდღიან შეხვედრაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გამახვილდა დღის წესრიგის საკვანძო პუნქტზე, რომელიც ძალის გამოუყენებლობასა და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომებს ეხება.
ტოივო კლაარი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
ჟენევის მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაგრძელდეს – ტოივო კლაარი
„მთელ რიგ ჰუმანიტარულ საკითხებზე კონსტრუქციული ურთიერთქმედების მიუხედავად, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა შესახებ მთავარი საკითხის განხილვა არ შედგა ზოგიერთი მონაწილის წასვლის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს ნდობის განმტკიცების მიზნით მეტი ძალისხმევის გამოჩენისკენ.
საქართველოს პოზიცია
მოლაპარაკებებზე ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა სირთულეებზე, რომლებიც მოქალაქეებს ექმნებათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთისას, ასევე მოქალაქეთა დაკავებებზე.

„საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” განხორციელებისა და ბოლო პერიოდში დადებული ე.წ. შეთანხმებების საკითხი, რომელიც ბოლო დროს რუსეთმა დადო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე–ფაქტო ხელისუფლებებთან ამ ტერიტორიების საკუთარ სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ჩართვის მიზნით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პანაშვიდი სამების ტაძარში - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული რვა პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ქართულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების დელიმიტაცია–დემარკაციის შესახებ განცხადებებს პროვოკაციული უწოდა.
პრობლემებს შორის დასახელდა საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დაკავებები და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია. ქართულმა მხარემ მწვავედ შეაფასა ის ფაქტი, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართველებს არეგისტრირებენ როგორც უცხოელებს და მათ სკოლებსა და ბაღებში უკრძალავენ ქართულ ენაზე სწავლას.
გარდა ამისა, აღინიშნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლისა და მანდატის შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერირების აუცილებლობის საკითხი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჯერადაც ვერ მოხერხდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ ესაა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი.
რუსეთის პოზიცია
რუსეთის მხარის მოსაზრებით, დელიმიტაცია–დემარკაციის პროცესის დაწყება შეიძლებოდა გამხდარიყო „რეალური წვლილი რეგიონში უსაფრთხოების დონის ამაღლებაში“.
ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რუსეთი და მისი მოკავშირეები პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მიცემას.

„ასეთი დოკუმენტის აქტუალურობა მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ტერიტორიასა და შავი ზღვის აკვატორიაში აშშ-ის და ნატოს ინტენსიური სამხედრო-საწვრთნელი აქტივობის, ასევე ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან რუსეთის იმ სამშვიდობო ინიციატივების მუდმივი იგნორირების გათვალისწინებით, რომლებიც ევროპაში დაძაბულობის შესამცირებლადაა გამიზნული“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა უმრავლესობა შეთანხმდა, რომ „ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სასაზღვრო ტერიტორიებზე ვითარება შედარებით სტაბილურია“.
ეს ასევე არის მოლაპარაკებათა ისეთი ინსტრუმენტების სტაბილური მუშაობის შედეგიც, როგორიცაა „ცხელი ხაზების“ სააბონენტო პუნქტები, ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმი.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
ლავროვი: აშშ რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ისტერიას ამძაფრებს
„რუსეთისა და მისი მოკავშირეების ღრმა რწმენით, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში კონსტრუქციული დიალოგისთვის არსებით დაბრკოლებად რჩება ყოველწლიურად საქართველოს მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის უკიდურესად პოლიტიზებული რეზოლუციის შემოტანა იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ ამ დოკუმენტის განხილვა ნიუ-იორკში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა გარეშე კვლავ აფერხებს ხსენებული პრობლემატიკის განხილვას ჟენევის ფორმატში. ამ პრობლემის მოგვარებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ჟენევის დისკუსიების ეგიდით ჰუმანიტარულ საკითხებზე მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევას.
ჟენევის დისკუსიების ფორმატში მომდევნო შეხვედრა 2022 წლის 29-30 მარტისთვის ჩაინიშნა.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0