Babunidze Wines-ის პირველი ჯილდო ევროპაში: საუკუნოვანი ოჯახური ტრადიციის მემკვიდრეობა

© courtesy of Teona Gogniashvili„ბაბუნიძის ღვინოების“ ბრენდული ღვინო
„ბაბუნიძის ღვინოების“ ბრენდული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
ჯერ კიდევ ბავშვობიდან ახსოვს, პაპას და ბებიას მარანში რომ დაჰყვებოდა და ყურძნის დაწურვასა და ღვინის დაყენებაში ეხმარებოდა. მათ ღვინოს კახეთში ყველა აქებდა და ამის გამო სიამაყის გრძნობა ბუნებრივად გაუჩნდა.
როცა წამოიზარდა, ოჯახურ ტრადიციას ბიზნესის კუთხით შეხედა. დაახლოებით შვიდი წლის წინ მეგობრებთან ერთად ვენახების შესყიდვა და ვაზის გაშენება დაიწყო. 2016 წელს კი საოჯახო მეღვინეობა დააარსა. ის ამბავი, რომ მისი სეხნია წინაპარი, ასევე გიორგი ბაბუნიძე თურმე ერთ-ერთი პირველი ქართველია, ვინც ევროპაში ქართული ღვინო გაიტანა, საკმარისზე მეტი საბაბი იყო საიმისოდ, რომ ბრენდის სახელად „ბაბუნიძის ღვინოები“ – Babunidze Wines შეერჩია. საკმაოდ მოკლე პერიოდში ეს სახელი საქართველოს საზღვრებს გასცდა. მისი ხარისხი სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე უცხოელმა ექსპერტებმა არაერთხელ აღნიშნეს უმაღლესი ჯილდოთი.
ღვინის მოყვარულებისთვის თელავში არსებული „ბაბუნიძის მარანი“ ნამდვილი ოაზისია. აქ რამდენიმე სახეობის ღვინოს – „რქაწითელს“, „საფერავს“, „ხიხვს“ და „ქისს“ ტრადიციული ქართული წესით – ქვევრში აყენებენ.
© courtesy of Teona Gogniashviliმეღვინე გიორგი ბაბუნიძე
მეღვინე გიორგი ბაბუნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
მეღვინე გიორგი ბაბუნიძე
- ბატონო გიორგი, ალბათ საქართველოშიც კი იშვიათია ოჯახი, სადაც ღვინო ორი საუკუნის წინანდელი ვაზისგან იწურება, ასეა?
- მართლაც მეამაყება, რომ ჩვენს ოჯახში ღვინო დღემდე პაპაჩემის მიერ 120 წლის წინ ჩაყრილი ვაზისგან იწურება. პაპაჩემი ძალიან კარგი მეღვინე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი - ბესიკ ბაბუნიძე ეკონომისტია, ეს საქმე მასაც ძალიან კარგად გამოსდის. დედის მხრიდან ყველა ბიძა მეღვინე იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ადრე დედას - დარეჯან ხოსროშვილსაც უნდოდა მათ კვალს გაჰყოლოდა, მაგრამ იმ დროს მეღვინეობის სფეროში სრული ქაოსი იყო, ამიტომ სხვა პროფესია აირჩია. თუმცა ისიც ძალიან კარგად ერკვევა ღვინის ტექნოლოგიაში. ასე რომ, მე სხვა არჩევანი და სხვა საქმის კეთების სურვილი არც მქონია. დღეს მხოლოდ ტრადიციული, ქვევრის ღვინოების წარმოებაზე ვართ ორიენტირებული და მინდა გითხრათ, საკმაოდ წარმატებითაც.
© courtesy of Teona Gogniashviliგიორგი ბაბუნიძე მშობლებთან - ბესო ბაბუნიძესთან და დარეჯან ხოსროშვილთან ერთად
გიორგი ბაბუნიძე მშობლებთან - ბესო ბაბუნიძესთან და დარეჯან ხოსროშვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გიორგი ბაბუნიძე მშობლებთან - ბესო ბაბუნიძესთან და დარეჯან ხოსროშვილთან ერთად
- ამის დასტურია ის ჯილდოები, რაც თქვენს ღვინოებს აქვს მიღებული, მათგან შედარებით ახალი რომელია?
- დიახ, ჩვენს ღვინოებს ბევრგან აქვს ჯილდო მიღებული, ოღონდ ეს არ ხდებოდა „ბაბუნიძის ღვინოების“ სახელით, რადგან მაშინ სხვადასხვა კომპანიებთან ვთანამშრომლობდი და კონკურსებშიც მათი სახელით ვიღებდით მონაწილეობას. თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ჩვენი ბრენდის ყველა ღვინო ერთნაირად ხარისხიანია, უბრალოდ, ზოგს ვაგზავნი გამოფენაზე, ზოგს არა. ბოლოს, მაგალითად, ერთ-ერთი უნდა გამეგზავნა და არჩევანი „ხიხვზე“ შევაჩერე. და შედეგმაც არ დააყოვნა – რამდენიმე კვირის ჩვენი ბრენდის ღვინომ პოლონეთში ჩატარებულ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე ნომინაციაში „რჩეული ღვინო“ გაიმარჯვა. ეს არის პირველი ჯილდო, რომელიც უშუალოდ ბრენდმა „ბაბუნიძის ღვინოებმა“ აიღო.
© courtesy of Teona Gogniashvili„ბაბუნიძის ღვინოების“ ბრენდული ღვინო
„ბაბუნიძის ღვინოების“ ბრენდული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
„ბაბუნიძის ღვინოების“ ბრენდული ღვინო
- დიდი მნიშვნელობა აქვს შეფუთვასაც, „ბაბუნიძის ღვინოები“ ამ მხრივაც გამორჩეულია...
- გეთანხმებით, შეფუთვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა მომხმარებელი ბოთლს შეხედავს, სანამ ღვინოს გასინჯავს, ჯერ გაფორმება უნდა მოეწონოს. როცა გასინჯავს და მოეწონება, მერე მეორედაც იყიდის. ამიტომ პირველად რომ იყიდო, სანამ გასინჯავ, საჭიროა ღვინო ლამაზად იყოს შეფუთული. ჩვენი ღვინის ეტიკეტზე წარწერა ძველქართულადაა შესრულებული. ლოგოდ კი გამოყენებულია ჯვარი, რომელიც არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნ ძველისძველ ქვევრზე იყო გამოსახული.
© courtesy of Teona Gogniashviliმეღვინე გიორგი ბაბუნიძე
მეღვინე გიორგი ბაბუნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
მეღვინე გიორგი ბაბუნიძე
- თუ არ ვცდები, ღვინის საცობიც ორიგინალურია, რისგანაა დამზადებული?
- ღვინის კომპანიები ბოთლს ძირითადად ალუმინის ან ცელოფნის საცობებს უკეთებენ. ჩვენთან ჩაჩის საცობად გამოყენებულია სანთელი, რათა მასში ჰაერი არ შეიპაროს. ეს სანთელი-სურგუჯია, რომლითაც მეფეები ბეჭედს არტყამდნენ ქაღალდზე, როცა რაიმე ბრძანებას ადასტურებდნენ. ასევე იქცევიან იტალიასა და საფრანგეთშიც, როცა ძვირფასი, პრემიუმ ღვინოების საცობებს ამზადებენ.
© courtesy of Teona Gogniashvili„ბაბუნიძის ღვინოების“ ბრენდული ღვინო
„ბაბუნიძის ღვინოების“ ბრენდული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
„ბაბუნიძის ღვინოების“ ბრენდული ღვინო
- ამ სფეროში, მით უფრო ჩვენში, ალბათ რთულია რაიმე ორიგინალური შესთავაზო მომხმარებელს, რადგან ყველაფერი ათასი წლების წინ ნაცადია და გამოყენებული...
- ასეა, ამიტომ ვერავის გავაკვირვებ. უბრალოდ, ჩვენ ვთავაზობთ ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებულ ხარისხიან ქვევრის ღვინოს. როგორც ჩვენი მამა-პაპა აკეთებდა, ჩვენს მარანში ზუსტად ისევე ხდება ყველაფერი. ქვევრი ექვსი თვის მანძილზე დალუქულია და ჰაერთან შეხება საერთოდ არ აქვს, ის მარტში გაიხსნება. მოკლედ, თუ გვინდა, რომ მსოფლიოს ყურადღება მივიქციოთ, საამისოდ ქვევრის სუფრის ღვინოები საუკეთესო საშუალებაა, რადგან ეს ნამდვილად ჩვენია, ტრადიციული.
- ვიცი, რომ არქეოლოგობასაც „ითავსებთ“ და ოჯახში ძველისძველი ქვევრების კოლექცია გაქვთ...
- ძალიან მიყვარს ძველი ქვევრები და ისინი, რაც ჩემს ეზოშია, სხვადასხვა ადგილებიდან მაქვს ჩამოტანილი. მათ შორისაა ე.წ. საზედაშე ქვევრიც ჩემი პაპის მარნიდან. ამ ქვევრებს რესტავრაცია ჩავუტარე, რაც ძალიან ფაქიზი საქმეა და კარგი მცოდნე სჭირდება. ყველა ძველ ქვევრს თავისი „ბეჭედი“ აქვს, ანუ იმის დამღა, ვინც გააკეთა.
© courtesy of Teona Gogniashviliმეღვინე გიორგი ბაბუნიძე
მეღვინე გიორგი ბაბუნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
მეღვინე გიორგი ბაბუნიძე
- დღეს თუ გვყავს ამ საქმის მცოდნე ოსტატები?
- რა თქმა უნდა, გვყავს, რადგან საქართველოში ქვევრის ღვინის ტრადიცია წარმატებით გრძელდება. ამ საქმით, საბედნიეროდ, ახალგაზრდებიც დაინტერესდნენ, ამიტომ კარგი სპეციალისტები მათ შორისაც მოიძებნება.
- თავად რომელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?
- ჩემი ფავორიტია „ხიხვი“, რომელიც ძველი ქართული, აბორიგენული ჯიშია. „ქისი“ და „რქაწითელიც“ ძალიან კარგია. ასევე „მცვივანი“, რომელიც ისევ ძველი, ქართული ჯიშია. იგი შარშან გავაშენე და თავის პირველ მოსავალს მომავალ წელს გამოიღებს. თუმცა პირადად ჩემთვის ქვევრის მშრალი, წითელი ღვინო მაინც ყველაზე მაგარია, ძალიან უხდება მწვადს და ხაშლამას.
© courtesy of Teona Gogniashviliმეღვინე გიორგი ბაბუნიძე
მეღვინე გიორგი ბაბუნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
მეღვინე გიორგი ბაბუნიძე
- ქალებს რომელ ღვინოს ურჩევთ?
- ქალებს ვურჩევ „ქისს“, რომელიც, როგორც გითხარით, ძველი ქართული ჯიშია. ის კაცებისთვისაც კარგია, მაგრამ თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, უფრო „გოგუშკურია“, მისი დალევა ქათმის ხორცთან ჯობს.
- რა თვისებებით გამოირჩევა ეს ე.წ. „გოგუშკური“ ღვინო?
- ის უფრო ნაზი და არომატულია. აქედან გამომდინარე, ქალები უფრო ირჩევენ ხოლმე. თანაც, სახელწოდებაც ხელს „უწყობს“ – „ქისი“, ანუ ინგლისურად Kiss ხომ კოცნას ნიშნავს...
© courtesy of Teona Gogniashviliბაბუნიძეების ღვინო
ბაბუნიძეების ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
ბაბუნიძეების ღვინო
- მაინტერესებს, ელიბოს ადგილზე თუ აღმოჩენილხართ ოდესმე?
- ანუ მარანში შემოპარული ქურდისთვის თუ შემისწრია? – რამდენჯერაც გინდათ და ეს „ქურდი“ ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანია – მამაჩემი! ამ ამბავზე ყოველთვის ვხალისობთ ხოლმე.
- როგორია ცნობილი გამონათქვამის - „ღვინოშია ჭეშმარიტება“ თქვენეული ვერსია?
- ღვინო თავადაა ჭეშმარიტება!..
ყველა ახალი ამბავი
0