სამუშაო სოციალური დახმარების ნაცვლად: პრემიერის ინიციატივა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ შრომისუნარიან მოქალაქეებს ქვეყანაში არა სოციალური დახმარება, არამედ სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
პრემიერის ჩანაფიქრით, სამუშაო ჯგუფს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უნდა უხელმძღვანელოს.
„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ. ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია ათასობით და ათიათასობით შევქმნათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვა სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ. მან აღნიშნა, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის დროს სოციალური მუშაკები მოქალაქეებს ქულებს უხსნიან, რის შემდეგაც ისინი სოციალურად დაუცველი პირის სტატუსს კარგავენ.
„უამრავი მაგალითი ვიცით, თუ ადამიანი ტელევიზორს ან მაცივარს შეიძენს, ქულები აკლდება და სოციალური დახმარება უწყდება. ისინი არ არიან მოტივირებული სეზონურ სამუშაოზე დასასაქმებლად და დამატებითი შემოსავლის მისაღებად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამჟამად საქართველოში 600 ათასამდე ადამიანია, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. აქედან სულ მცირე 200 ათასი შრომისუნარიანია.
„დიდი სურვილი მაქვს, რომ იანვრიდან უკვე დავიწყოთ ეს ახალი პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ, შეცვლის მთლიანად რეალობას და რეალურად ჩვენ ახალ შრომის კულტურას ჩამოვაყალიბებთ“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ „შრომას უნდა მივაჩვიოთ ჩვენი მოქალაქეები“.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
პრემიერს ონლაინ-კაზინოების აკრძალვა სურს
დასაქმების ახალი პროგრამის ფარგლებში კადრების გადამზადება მოხდება. ეს მიმართულება მთავრობის მეთაურმა განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს დაავალა. პრემიერის თქმით, ყველას სურს სამუშაოს მოძებნა, მაგრამ თუ სახელმწიფო პირობებს არ შექმნის, ეს დაბრკოლებაა.
ოჯახმა, რომელიც თავს სოციალურად დაუცველად მიიჩნევს, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების რაიონულ სააგენტოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სოციალურმა მუშაკმა უნდა ნახოს ადგილი, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობს, შეავსოს საოჯახო დეკლარაცია. სწორედ ეს დოკუმენტი ასრულებს მთავარ როლს ქულების დათვლისას. მასში მითითებულია ინფორმაცია ოჯახის წევრების, მათი განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, არიან თუ არა ოჯახში პენსიონერები, ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მარტოხელა დედები. დეკლარაციაში ასევე აღინიშნება ოჯახის წევრების შემოსავალი, აქვთ თუ არა მათ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ჰყავთ თუ არა შინაური პირუტყვი, ავტომობილი და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0