წამება და გაუპატიურების მუქარა: პროკურატურა გლდანის ციხის ყოფილი უფროსის საქმეზე

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს პატიმართა წამებისთვის მორიგი ბრალდება წაუყენეს.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს (მეტსახელი „ქილერა“) მსჯავრდებულთა წამებაში დასდო ბრალი და მისი ბრალეულობის დამამტკიცებელი ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.
გამოძიების ცნობით, მუხაძემ და წინა ხელისუფლების პერიოდში სამხედრო პოლიციის უფროსმა მეგის ქარდავამ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირი წამების გზით აიძულეს ეღიარებინა არარსებულ ტერაქტში მონაწილეობა.
ცემის, წამებისა და ინსცენირებული სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შიშით, რასაც ადგილი ჰქონდა 2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლის პერიოდში, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა აღიარებით ჩვენებაზე. ამის შემდეგ მან თვითმკვლელობა სცადა, განაცხადეს პროკურატურაში.
საქმის დეტალები
გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში მუხაძემ და ქარდავამ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ გაუპატიურებით. ამასთან, როგორც პროკურატურაში განაცხადეს, აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.
სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ. „კარანტინში“, სადაც აყურებინეს, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთ პატიმარზე, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ.
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
წამება და სექსუალური ძალმომრეობითი ქმედება - პროკურატურა ქარდავას ახალ ბრალდებას უმზადებს
გამოძიების ცნობით, მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დაზარალებულმა, მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა.
წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენება მუხაძისა და ქარდავასთვის არ აღმოჩნდა საკმარისად ამომწურავი, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა პატიმარი აიძულეს შეეჭამა ის ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი. სასურველი ჩვენების მისაღებად იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სექსუალური ძალადობის ინსცენირება, რომელიც კამერით გადაიღეს.
2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლამდე პერიოდში დაზარალებული არაერთხელ დაიკითხა. ერთ-ერთი დაკითხვის დროს, სასურველი ჩვენების მისაღებად, ქარდავამ პატიმარს თავზე დაადო პისტოლეტი და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.
ყველა დამნაშავე წარდგება მართლმსაჯულების წინაშე – საქართველოს პრემიერი>>>
ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მუხაძისა და ქარდავასთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულისგან მიიღეს ე.წ. ტერაქტში მონაწილეობაზე სასურველი ჩვენება, ასეთი ტერორისტული აქტის არარსებობის გამო არ დაწყებულა გამოძიება.
დაზარალებულმა პატიმარმა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.
მუხაძეს 9-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
რაც შეეხება მეგის ქარდავას, რომელზეც ასევე ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მოთხოვნით ის უკრაინის ტერიტორიაზე 2021 წლის 11 სექტემბერს დააკავეს.
ქარდავას ხუთ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად აქვს გამოტანილი, კიდევ ექვსი საქმე კი თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია. ერთ-ერთ საქმეზე ქარდავას უვადო პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0