სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სააკაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Seyran Baroyanმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
გამოძიება სახალხო დამცველის აპარატიდან შესული შეტყობინების, ასევე სოციალურ ქსელში და მასმედიით გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე დაიწყო.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმე ეხება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 საპატიმროდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას, რა დროსაც, სააკაშვილის განცხადებით, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
სააკაშვილმა დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა – გენინსპექციამ გამოძიება დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისა და გაზრდილი საფრთხის გამო იქნა მიღებული. სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მტკიცებით, იგი გადაყვანის წინააღმდეგი იყო. ექს-პრეზიდენტმა გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნავს, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მე-18 დაწესებულებაში შეყვანის დროს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სააკაშვილის ადვოკატთან უკვე ჰქონდა კომუნიკაცია, რომლის შემდეგაც მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილს ჯერ გამოკითხავს, შემდეგ კი მას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.
გარდა ამისა, უწყებამ უკვე მიმართა პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერის მიწოდების მოთხოვნით.
სააკაშვილის მომხრეთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
სააკაშვილი: ვაცხადებ უარს ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 2021 წლის 8 ნოემბერს მ. სააკაშვილის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების, მათ შორის, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვის მიზნით", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იტყობინება, უწყება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე გამოაცხადა და მე-40 დღეა შიმშილობს.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას დიდი ხანია სთავაზობდა. თუმცა თავად პოლიტიკოსი და მისი ადვოკატები პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ ციხის საავადმყოფოში სათანადოდ ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი ყოფილი პრეზიდენტის ვერც მკურნალობა და ვერც უსაფრთხოება.
ყველა ახალი ამბავი
0