სააკაშვილმა დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა – გენინსპექციამ გამოძიება დაიწყო

© AFP 2024 / VANO SHLAMOVმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობაზე უარს აცხადებს და შიმშილობას აგრძელებს.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ციხის საავადმყოფოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქმედებების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველასთვის მოულოდნელად 8 ნოემბერს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისა და გაზრდილი საფრთხის გამო იქნა მიღებული. სააკაშვილის ადვოკატების მტკიცებით, იგი გადაყვანის წინააღმდეგი იყო.

„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება", – ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად. მან პროტესტის ნიშნად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე შიმშილობა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0