გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგების გეგმა წარმოადგინა

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება ერთი მხარის გამარჯვებითა და მეორის დამარცხებით, განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ წარმოადგინა სამოქალაქო დაპირისპირების აღკვეთის, ერთიანობისა და გამარჯვების მოქმედების გეგმა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, პოლარიზაციისა და კონფრონტაციის გამწვავების ფონზე მაღალია სამოქალაქო დაპირისპირების რისკი, რომელზეც პასუხისმგებელია მთავრობა. თუმცა, ვაშაძის თქმით, ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობის გადაბარება არ ამცირებს იმ საფრთხეებს, რომელსაც რეალური სამოქალაქო დაპირისპირება მოუტანს როგორც ქართულ სახელმწიფოს, ისე მოქალაქეებს.

„მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება ერთი მხარის გამარჯვებისა და მეორე მხარის დამარცხების ხარჯზე. საჭიროა გონივრული, პრაგმატული კომპრომისები ყველა მხრიდან, რისთვისაც გთავაზობთ არა რომელიღაც ჯგუფის, ოპოზიციის ან ხელისუფლების გამარჯვების სამოქმედო გეგმას, არამედ სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საქართველოს გამარჯვების სტრატეგიას“, – განაცხადა ვაშაძემ ბრიფინგზე.

გეგმის მიხედვით, პოლიტიკური დიალოგის დაწყებამდე პირველი აუცილებელი ნაბიჯია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გარანტიის შექმნა და ამ მიზნით მისი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
მეორე – აუცილებელია იმ სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებში გამოიწვევს ნდობას და მოკლე დროში უცხოელი მოსამართლეების მონაწილეობით შექმნის სამართლიანი სასამართლოს პირობებს მიხეილ სააკაშვილისთვის და მომავალში მსგავსი ტიპის საქმეებზე.
მესამე პუნქტი – პარლამენტმა გონივრულად მოკლე ვადებში უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, რომელიც განსაზღვრავს და შექმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეალურ გარანტიებს.
პარტია ლელო  - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
სიტუაცია ფეთქებადსაშიშია: „ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს
მეოთხე პუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის დროული და მყისიერი გადაჭრისათვის აუცილებელია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ერთი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების სამივე მოსმენით მიღება რეგლამენტით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადაში.
მეხუთე პუნქტის მიხედვით, საჭიროა დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსია მმართველობითი ფორმის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც გაითვალისწინებს გაზრდილი უფლებამოსილების ფარგლებში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის შესაძლებლობას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რაც მინიმუმამდე დაიყვანს პირდაპირი გზით არჩეული რეალური ლეგიტიმური ძალაუფლების მქონე სახელმწიფო მეთაურის – პრეზიდენტის პირობებში არაფორმალური მმართველობის რისკ-ფაქტორებს.
მეექვსე პუნქტის თანახმად, საჭიროა მომზადდეს თვითმმართველობის რეფორმის ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შექმნის თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეალურ საფუძვლებს, რაც თავის თავში გააერთიანებს ადმინისტრაციულ და ფისკალურ დეცენტრალიზაციას;
ბოლო, მეშვიდე პუნქტის მიხედვით, საჭიროა ძალაუფლების განაწილება მოხდეს 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, დამატებით იმ პირობის გათვალისწინებით, რომ გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, აირჩევს საქართველოს პარლამენტი იმ პარლამენტის წევრების უმრავლესობის წარდგინებით, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობაში.
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
„არ დავუშვებთ ესკალაციას": შსს ოპოზიციის აქციამდე განცხადებას ავრცელებს
„სტრატეგია აღმაშენებელმა“ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გავლენიან არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციას, საერთაშორისო პარტნიორებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნული სამოქმედო გეგმის შინაარსის სრულყოფაში და მისი გათვალისწინებით მოხდეს შემდგომი არჩევნების თარიღზე შეთანხმება.
ქართული ოპოზიცია არ აღიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს, რომელიც ოქტომბერში ჩატარდა. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხელისუფლებამ ამომრჩევლების მიმართ გამოიყენა ძალადობა, შანტაჟი, მუქარა.
ოპოზიციამ საქართველოს დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები გამართა. მორიგი აქცია ორშაბათს არის დანიშნული თბილისში, თავისუფლების მოედანზე. მიტინგზე ოპოზიცია თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
ყველა ახალი ამბავი
0