მანდატებზე უარის თქმა გადაავადეს – როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ სააკაშვილმა ოპოზიციას პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს, მაგრამ მანდატებს ჯერ არ თმობს, განაცხადა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ ბრიფინგზე.
როგორც ობოლაძემ განაცხადა, ოპოზიციონერი დეპუტატები წყვეტენ საპარლამენტო საქმიანობას ორი საკითხის გადაჭრამდე – ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება.

„ჩვენ ფორმალურად ვაჩერებთ და ვავადებთ მანდატების დატოვების პროცესს. ჩვენი გუნდის წევრებისთვის მნიშვნელოვანია სააკაშვილთან კონსულტაციები, მისი საპატიმროში მონახულება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. ამიტომაც საპარლამენტო მუშაობას ვაჩერებთ, სადეპუტატო მანდატებზე კი უარს ამ საკითხების გადაჭრის შემდეგ ვიტყვით“, – განაცხადა ობოლაძემ.

რაც შეეხება საკრებულოების დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმას, ობოლაძის განმარტებით, ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხი არ განიხილება.
„ჩვენ ახლა კონცენტრირებული ვართ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებზე, რათა ხელისუფლება ვაიძულოთ და ქვეყნის მართვაში უმრავლესობის ნება იყოს ასახული“, – განაცხადა ობოლაძემ.
ანა დოლიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
ქართული ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტზე და მერების იმპიჩმენტზე ალაპარაკდა
30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ სააკაშვილმა ოპოზიციას პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა მეორე დღეს თანამოაზრეებს ისევ მიმართა და მოუწოდა, გამოაცხადონ ბოიკოტი, ხოლო მანდატები ჯერ არ დათმონ. ასეთ შემთხვევაში მის მომხრე დეპუტატებს ციხეში მისი მონახულების საშუალება ექნებათ.
ოპოზიციური გაერთიანება, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უდგას სათავეში, არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ იგი გაყალბდა. ოპოზიციის ლიდერების თქმით, არჩევნების შედეგებზე იმოქმედა გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობამ და იმან, რომ კენჭისყრა ძალადობის, დაშინებისა და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა.
ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამოაზრეები უკვე შეთანხმდნენ მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვაზე იმ დრომდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ამასთან, ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი აზრი იმის თაობაზე, უნდა დატოვოს თუ არა ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტი.
მაგალითად, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მანდატზე უარი უკვე განაცხადა, მაგრამ მისი თანაპარტიელები პარლამენტში დარჩნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს. გამონაკლისი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ჩატარებული კენჭისყრა, რომელთა მხარდაჭერაც მათ სურთ.
საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც 7 სექტემბერს პირველი მოსმენით არის მიღებული.
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
მისცემენ თუ არა შანსს პატარა პარტიებს? ვნებათაღელვა საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში გამსვლელი ბარიერი იქნება 2%, ნაცვლად 5%-ისა, როგორც ამას მოქმედი ვერსია ითვალისწინებს. ამასთან პროპორციული არჩევნების პრინციპი უცვლელი დარჩა.
გარდა ამისა, ცვლილებებში გათვალისწინებულია შესწორებები ფრაქციების შემადგენლობაში. თუ მოქმედი რედაქციით ფრაქციის დასაკომპლექტებლად საჭიროა შვიდი დეპუტატი, ინიცირებული გარდამავალი დებულებით შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად საკმარისი იქნება ოთხი დეპუტატი.
თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი მას შემდეგ, რაც რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის დატოვება გადაწყვიტა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. თუ პარლამენტიდან მათი გასვლის პროცესი გაგრძელდება და საკანონმდებლო ორგანოს 37 დეპუტატი დატოვებს, დარჩენილი საპარლამენტო შემადგენლობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ვერ შეძლებს.
პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ მიანიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი მისთვის პრიორიტეტული არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0