როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: ყიფშიძის განცხადება

© courtesy of Mikheil Saakashviliმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
დაცვის მხარემ სახალხო დამცველს უკვე მიმართა მონაწილეობა მიიღოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის პროცესში.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ და გადასხმამ კარგი შედეგი გამოიღო, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი კვლავ დღის წესრიგშია, განაცხადა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 25-ე დღეა შიმშილობს. ექიმების კონსილიუმმა 19 ოქტომბერს მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მედიკოსების თქმით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკული არაა, მისი ჰოსპიტალიზაცია კი შიმშილობით გამოწვეული გართულებების პროფილაქტიკისთვისაა საჭირო.
აპირებენ სააკაშვილის ლიკვიდაციას - ნიკა გვარამიას სკანდალური განცხადება>>>
როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა აუცილებლობის შემთხვევაში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ, სადაც იგი იზოლირებული იქნება.
თავად ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია.
„შიმშილობას არ წყვეტს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე ნებისმიერ სხვა კლინიკაში. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სამედიცინო დაწესებულება იქნება, ეს არის მისი პოზიცია", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მტკიცებით, ციხის საავადმყოფოში ექს-პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. როგორც მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, გლდანის ციხეში იგეგმება იმიტირებული ბუნტი სააკაშვილის ლიკვიდაციის მიზნით. დღეს გვარამიასთან გასაუბრებას იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია გეგმავს.
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
სახალხო დამცველმა გლდანის ციხის საავადმყოფო შეამოწმა: ომბუდსმენის ანგარიში
გუშინ №18 სამკურნალო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა დაათვალიერა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მისი განცხადებით, აღნიშნული დაწესებულება სრულფასოვნად არ შეესაბამება სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნას და რეკომენდაციებს, ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიონ ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია გამოხატავს მზადყოფნას დაიცვას ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით არსებობს რისკები. ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა, ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ამ დროისათვის ის ორი განაჩენის საფუძველზე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.
ყველა ახალი ამბავი
0