მილიონობით ევრო და ათასობით ფუნტი სტერლინგი: თბილისში ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით გამოძიება გერმანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და გერმანიის საგამოძიებო ორგანოებმა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფების შვიდი წევრი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულები თაღლითობის გზით დაეუფლნენ გერმანიის მოქალაქეების კუთვნილ მილიონობით ევროს. საგამოძიებო ღონისძიებები ორივე ქვეყნის მასშტაბით ათეულობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

„2015 წელს საქართველოს და ისრაელის მოქალაქეებმა პირდაპირი ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის მოქალაქეების კუთვნილ მილიონობით ევროს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საუბარია 9.490.991 ევროზე, 16.642 დოლარსა და 218.000 ფუნტ სტერლინგზე.
გამოძიების ვერსიით, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა საქართველოში ექვსი კომპანია დააფუძნეს, რომელთა ბაზაზე ე.წ. ქოლ-ცენტრები შექმნეს.
ქოლ-ცენტრებში ოპერატორებად დასაქმებული იყვნენ პირები, რომლებიც უცხო ენებს კარგად ფლობდნენ.
სპეცოპერაცია თბილისში: კომპანიას თანხების გათეთრებას ედავებიან>>>
„ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი ფუნქციონირებისთვის შეიქმნა ათეულობით ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშებზე.

„ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ისინი შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე“, – აღნიშულია განცხადებაში.

ორი ქვეყნის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე შვიდი პირი დააკავეს. ექვს პირს ბრალი წარედგინა თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხება დაკავებულ მეშვიდე პირს, მისი ექსტრადირება განხორციელდება.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირების და მხილების მიზნით გამოძიება გერმანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0