სპეცოპერაცია თბილისში: კომპანიას თანხების გათეთრებას ედავებიან

© photo: Sputnikპატრული
პატრული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქმის სხვა დეტალები უცნობია. კომპანია „ბროლის“ წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. პარტია „ევროატლანტიკური ვექტორი" კომპანია „ბროლში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

დღეს თბილისში, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარე სამშენებლო მასალების კომპანია „ბროლში" საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ადგილზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული.

პარტია „ევროატლანტიკური ვექტორის" წარმომადგენლების განცხადებით, „ბროლის" დამფუძნებელი მათი ფინანსური მხარდამჭერია და მიმდინარე პროცესიც სწორედ ამას უკავშირდება.

„ეს ერთ-ერთი ბიზნესია, რომელიც საარჩევნო კამპანიაში ჩვენ ღიად გვიჭერს მხარს. კომპანიის დირექტორი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, წარმოშობით ირანელია. ჩვენ მისი გამსვლელ სიაში ჩასმა გვსურდა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გააპროტესტებს ამას. ბიზნესში, თუნდაც ეკონომიკური დანაშაულის გამო, ეს არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ევროატლანტიკური ვექტორის" თავმჯდომარემ სერგო ჯავახიძემ.

პარტია „ევროატლანტიკური ვექტორი“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას.

ოფიციალური ვერსიით კი, საქმე ეხება ტრანსნაციონალური ხასიათის დანაშაულს – საუბარია მილიონობით ლარის შესაძლო გათეთრებაზე.

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე სპეცოპერაცია ტარდება - Sputnik საქართველო
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე სპეცოპერაცია ტარდება

პროკურატურის ინფორმაციით, 13 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში მდებარე რამდენიმე ობიექტში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკა, რა დროსაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტაციასთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები ამოიღეს.

„საქმე ეხება თანხების გათეთრებას. დანაშაული ტრანსნაციონალურ ხასიათს ატარებს. კომპანიიდან ამოღებული მტკიცებულებებისა და ნივთების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოპერაციაში სპეციალური დანიშნულების რაზმი ჩავრთეთ“, – განაცხადა საქმის პროკურორმა დავით ბაინდურაშვილმა.

მისი განმარტებით, საქმის სერიოზულობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა დამატებითი ძალების მობილიზება.

ამ დროისთვის საქმის სხვა დეტალები უცნობია. თავად კომპანიის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯგუფურად განხორციელებულ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება.

ყველა ახალი ამბავი
0