ადვოკატები სააკაშვილის „რეზბალნიცაზე" ჰოსპიტალიზაციას აპროტესტებენ

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
როდის მოხდება სააკაშვილის ციხის სამედიცინო ცენტრში ჰოსპიტალიზაცია, ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ექს-პრეზიდენტის შესაძლო ჰოსპიტალიზაციას აპროტესტებენ.
გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია არა სამოქალაქო კლინიკაში, არამედ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება.
ბრეგაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. მისი მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში კი პაციენტის გადაყვანა მოხდება სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც სრულად არის აღჭურვილი იმისათვის, რომ მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს.
„ვივამედში“ სააკაშვილისთვის მეხუთე სართულს ამზადებენ: მოხდება თუ არა მისი ჰოსპიტალიზაცია>>>
სააკაშვილის უფლებადამცველები იუსტიციის მინისტრის განცხადებას ხელისუფლების მიერ დაგეგმილ მორიგი პროვოკაციად აფასებენ და აცხადებენ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში უნდა მოხდეს.

„იმის ნაცვლად, რომ ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციების შესაბამისად ნებისმიერ კლინიკაში გადაიყვანონ, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და დაცვის მხარე მიუთითებდა, ერთ დღეშივე უარყვეს თავიანთი განცხადება", – განაცხადა ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია თბილისის კლინიკა „ვივამედში“ იგეგმებოდა, სადაც ექს-პრეზიდენტს კლინიკის მეხუთე სართულზე საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იზოლირებულ პალატაში მოათავსებდნენ.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 პენტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 21-ე დღეა შიმშილობს. სამშაბათს ექიმების კონსილიუმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.
ცნობილი გახდა, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს>>>
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა №18 სამკურნალო დაწესებულება მდებარეობს თბილისში, გლდანის მე-7 მიკრორაიონში, მაგრამ 2020 წლის 5 აგვისტოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, მისი ნაწილი გადავიდა მცხეთის მუნიციპალიტეტის დაბა ქსანში. ამ დროისათვის უცნობია, დაწესებულების რომელ ნაწილში გადაიყვანენ სააკაშვილს.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს. გუშინ მას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს – საუბარია სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე, რაც ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
ყველა ახალი ამბავი
0