სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი ძალოვნები შიმშილობენ – ექს-პრეზიდენტი წინააღმდეგია

CC BY 2.0 / meesh / barring freedomციხის დერეფანი
ციხის დერეფანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
სააკაშვილის შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა სამმა ყოფილმა სამართალდამცველმა, რომლებიც სასჯელს ასევე რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იხდიან.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. გაუარესდა შსს-ს კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად ციხეში შიმშილობს, განაცხადა ფირცხალავას მეუღლემ ნინო ხვიტიამ.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
პრემიერმა თანაპარტიელებს მოუწოდა, არჩევნების შემდეგ სააკაშვილზე აღარ ილაპარაკონ
სააკაშვილმა შიმშილობა თავისი დაკავების დღესვე, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ფირცხალავას გარდა, მესამე პრეზიდენტის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ცააძემ და შსს-ს საკონსტიტუციო უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა რომან შამათავამ.
სამივე მათგანი სხვადასხვა დანაშაულისთვის გაასამართლეს და ისინი სასჯელს იხდიან იმავე რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სადაც სააკაშვილია მოთავსებული.
ფირცხალავას მეუღლის თქმით, ის ძალიან დასუსტდა და თითქმის 20 კგ დაიკლო. პაემნებზე უარს აცხადებს, მაგრამ მეუღლეს ტელეფონით ესაუბრება.

„ჰქონდა ძალიან მძიმე ეპიზოდები, როდესაც სისხლში გლუკოზის რაოდენობა დაეცა და იყო ჰიპოგლიკემიური კომის საშიშროება. როგორც ვიცი, დღემდე სამედიცინო ჩარევასა და ჰოსპიტალიზებაზე უარს ამბობს“, – განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში ნინო ხვიტიამ.

სააკაშვილი წინააღმდეგია

ყოფილი თანამოაზრეების შიმშილობის შესახებ შეიტყო მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც გიორგი ცააძეს, ირაკლი ფირცხალავას და რომან შამათავას თავის Facebook-გვერდის მეშვეობით მიმართა.

„გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემთან სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე, რომ სულ მცირე ერთი მათგანის, რომან შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა კი არ გთხოვოთ, არამედ, როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა. ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი“, – დაწერა მესამე პრეზიდენტმა.

რაზე იხდიან სასჯელს სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრეები

განაჩენის თანახმად, შსს-ს ხუთი ყოფილი თანამშრომელი, მათ შორის ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე დამნაშავედ ცნეს ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე, რომელიც 2006 ჩატარდა. მაშინ მანქანას, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს. სპეცოპერაციაში 50-მდე ძალოვანი მონაწილეობდა.
სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილი და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვი. მძიმე ჭრილობების მიუხედავად მესამე მგზავრი, ბონდო თოფურიძე გადარჩა.
ირაკლი ფირცხალავა განზრახ მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს და მას 12 წლით პატიმრობა მიესაჯა. 12 წელი მიესაჯა გიორგი ცააძესაც.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
ღარიბაშვილი ექს-პრეზიდენტზე: სააკაშვილი პროფესიონალი აფერისტია
გარდა ამისა, ირაკლი ფირცხალავას ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო 2018 წლის დეკემბერში 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამირან რობაქიძე საპატრულო პოლიციამ 2004 წლის ნოემბერში, მიხეილ სააკაშვილი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს მოკლა. ახალგაზრდის მკვლელობამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მომხდარიდან 14 წლის შემდეგ შსს-ს ხუთი მაღალჩინოსანი გაასამართლეს საქმის მასალების გაყალბებისთვის, რათა უიარაღო ადამიანის მისამართით სროლა გაემართლებინათ.
რაც შეეხება რომან შამათავას, მას მეტყევე-რეინჯერ დავით ცინდელიანისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის პაატა ქარდავას გაუჩინარებისა და მკვლელობის საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ შამათავა დამნაშავედ ცნო სსკ-ის მუხლებით „განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა“ და „თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით“.
ყველა ახალი ამბავი
0