საქართველო თურქული ნედლეულით დამზადებულ პროდუქციას ევროკავშირში გაიტანს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოსა და ევროკავშირის დროშები
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ შეთანხმება არ გავრცელდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. „დიაგონალური კუმულაცია", რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი.
ოფიციალური შეთანხმება ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც დოკუმენტი ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
შეთანხმება არ ვრცელდება სასოფლო–სამეურნეო პროდუქციაზე.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნეს, შეთანხმების ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინდუსტრიების განვითარებისთვის, როგორიცაა ტექსტილის, ავეჯის, საშენი მასალების, პლასტმასის ნაწარმისა და სხვა პროდუქციის წარმოება.
„ეს ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას“, – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
საქართველოდან თურქეთში ექსპორტი 40%-ით გაიზარდა
ამასთან, როგორც უწყებაში განმარტეს, შეთანხმების წყალობით გაიზრდება იმ პროდუქციის ასორტიმენტი, რომელთა ექსპორტსაც საქართველო ევროკავშირში განახორციელებს და ასევე წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში.
„ეკონომიკის სამინისტრო ხელსშეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, – აღნიშნავენ სამინისტროში.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი პირველ ადგილზეა– 2021 წლის დასაწყისიდან მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 14,8%-ია.
2020 წლის იანვარი–აგვისტოსთან შედარებით, ორ ქვეყანას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35,5%-ით გაიზარდა.
2021 წლის დასაწყისიდან საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე გავიდა 21,7 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 1,4 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 36,4 ათასი ტონა ფოლადის ნახევარფაბრიკატები, 53,9 ათასი ტონა შავი ლითონის ჯართი და ნარჩენები და სხვა საქონელი.
აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა დაახლოებით 31,5 ათასი ტონა შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 302,7 ტონა სამკურნალო პრეპარატი, 10 და მეტი ადამიანის გადასაყვანი 310 ავტომობილი და ა.შ.
2020 წელს საქართველოსა თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, 2019 წელთან შედარებით, 12,2%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა. მიუხედავად ამისა, 2020 წელს თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პარტნიორი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0