ორგვარი მოსაზრება ერთ აქციაზე - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები „ნაცმოძრაობის“ პროტესტს

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
გამოწერა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე თბილისში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეკრიბა
თბილისი, 15 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციამ ბევრი გააკვირვა თავისი მასშტაბით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კი გადაწყვიტა, ამ საკითხზე ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავოს.
სხვადასხვა შეფასებით, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა, თბილისის ცენტრში 15-დან 50 ათასამდე ადამიანი შეკრიბა. აქცია ჩატარდა ლოზუნგით „თავისუფლება სააკაშვილს“. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ორ კვირაზე მეტია, საპატიმროში იმყოფება და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
სააკაშვილის ადვოკატს ექს-პრეზიდენტის შეწყალების იმედი გვაქვს>>>
აქციის მონაწილეები ითხოვდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა ადგილობრივი არჩევნების წინ.
„ქართული ოცნების“ არითმეტიკა
აქციის მასშტაბებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატი სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ „ნაცმოძრაობის“ მოლოდინი არ გამართლდა.
„დემოკრატიულ ქვეყანაში აქცია ნორმალური მოვლენაა. ბოლო 9 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ორ წელიწადში ერთხელ ახერხებს გააკეთოს თავისი ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილის მობილიზება, თუმცა მათი ლიდერი თუ ბელადი, როგორც ისინი მას უწოდებენ, ძალიან იმედგაცრუებული უნდა იყოს – ეგონა, რომ დახვდებოდა 100 და 300 ათასი ადამიანი ქუჩაში და მოითხოვდა მის გამოშვებას. თუმცა, ყველამ დაინახა, რომ ბევრად არის შემცირებული იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც მას მხარს უჭერს“, - განაცხადა სუბარმა.
სუბარის კოლეგა რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა წამებისა და ძალადობის პროპაგანდა.
„21-ე საუკუნეში კერპთაყვანისმცემლობის ყურება ძალიან უხერხულია. რაც შეეხება კონკრეტულად ამ აქციას, ხალხის რაოდენობას ინტერესი ნამდვილად არ აქვს. ერთადერთი, რაზეც გავლენას მოახდენს ეს აქცია, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა და კიდევ უფრო ნულს ქვემოთ ჩავა“, - აღნიშნა მან.
ოპოზიცია სერიოზულადაა განწყობილი
თბილისში ჩატარებულმა მრავალათასიანმა აქციამ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ახალი „გმირობებისკენ“ უბიძგა.
სააკაშვილი: არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები>>>
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, გუშინდელი აქცია საფუძველს ჩაუყრის სხვა აქციებს, რომლებიც მთელ საქართველოს მოიცავს. კონკრეტული გეგმის გამოცხადებას ოპოზიციური პარტია ახლო მომავალში აპირებს. როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, საპროტესტო აქცია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში გაიმართება.
„გუშინდელმა აქციამ ყველას აჩვენა, როგორი განწყობაა საზოგადოებაში - მოსახლეობის დიდი ნაწილი სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. სააკაშვილის მიმართ ივანიშვილის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსამართლო და მის გასათავისუფლებმად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ – ეს იქნება საპროტესტო აქციები, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა და ა.შ.“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებაზე ზეწოლა მანამ გაგრძელდება, სანამ სააკაშვილი არ გათავისუფლდება და სამოქალაქო შერიგების რეალური პროცესი არ დაიწყება.
როდესაც ამდენი ადამიანი იკრიბება, განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას ცვლილებები სურს, აღნიშნა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ. ყველაზე რეალური გზა ამ ცვლილებებისკენ, მისი აზრით, არჩევნებზე გადის.
„გუშინ იყო ძალიან ბევრი ხალხი და ამ ფაქტის უარყოფა შეუძლებელია, თუმცა „ქართული ოცნება“ ამას არასდროს აღიარებს, რისი მოწმენიც ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გუშინდელმა დღემ აჩვენა ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად არჩევნებში მონაწილეობასა და გამარჯვებას ალტერნატივა არ გააჩნია“, - აღნიშნა ბობოხიძემ.
„მესამე ძალის“ წარმომადგენელი, დეპუტატი თამარ კორძაია დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდება.
„ადამიანებს ცვლილებები სურთ და ეს გუშინ ჰაერში ტრიალებდა. პირველ რიგში, დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნები ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდება, ხელისუფლება უარს იტყვის ფალსიფიცირებაზე და ამ შემთხვევაში არავითარი აქციები არ იქნება. ერთადერთი, იქნება ისეთივე აქცია, როგორიც გუშინ - მშვიდობიანი, საზეიმო „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციისთვის ხელისუფლების გადაცემის აღსანიშნავად“, - განაცხადა კორძაიამ.
სააკაშვილს შიმშილობის გამო არ გაათავისუფლებენ – კობახიძე>>>
ამის პარალელურად, პრაქტიკულად არავითარი ინტერესი გუშინდელი აქციის მიმართ არ გამოუჩენიათ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს. მაგალითად, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აღიარა, რომ თვალი არ უდევნებია აქციის მსვლელობისთვის.
„გუშინ სხვა რაღაცებით ვიყავი დაკავებული, მთელი დღე ღვინოს ვიღებდი და არ ვიცი, აქციაზე რა ხდებოდა. ვიცი, ბევრი ხალხი იყო გამოსული და ძალიან კარგია, თანდათან მივეჩვიეთ იმას, რომ ათეულობით ათასი ადამიანი, თუ რამდენიც იყო, არ ვიცი, გამოდის მშვიდად, აფიქსირებს თავის პროტესტს და მშვიდადვე მიდის შინ. ეს არის ძალიან კარგი“, - განაცხადა ელისაშვილმა.
თუმცა, დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის სულისკვეთებას არ იზიარებს.
„არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. აქციაზე რატომ უნდა ვყოფილიყავი. ევროპარლამენტარმა კი არა, ვინც უნდა თქვას, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ამ აზრს არ ვიზიარებ. არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არალეგალურად შემოვიდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
ექს-პრეზიდენტს სამშობლოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0