წულუკიანი: სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების რეალური რისკი არ არსებობს

© photo: Sputnik / Stringerთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
გამოწერა
რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მე-13 დღეა შიმშილობს.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. იმ პერიოდის მანძილზე, რასაც მიხეილ სააკაშვილი ქართულ საპატიმროში გაატარებს, მისი ჯანმრთელობა იქნება ზედმიწევნით დაცული – ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მე-13 დღეა შიმშილობს.
იუსტიციის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით ექიმების სპეციალური ჯგუფი შეიქმნება
გასულ კვირაში ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ შიმშილობის მერვე დღეს სააკაშვილს 12 კგ-ზე მეტი ჰქონდა დაკლებული. ამასთან, როგორც სააკაშვილის მეგობარმა ქალმა ლიზა იასკომ განმარტა, ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაეწყო. სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ განაცხადა ექს-პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემაც. ექიმის თქმით, სააკაშვილს უკვე უჭირს საუბარი და გადაადგილება. გარდა ამისა, მას სისხლის დაავადება - თალასემია აქვს.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების არავითარი რეალური რისკი არ არსებობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პროფესიონალი ექიმები ყოველდღიურად აკვირდებიან და აკონტროლებენ და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დასძინა წულუკიანმა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პენიტენციურ სამსახურში არ არსებობს არავითარი პრობლემა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის პრობლემებს სათანადოდ ყურადღება არ მიექცეს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პატიმარი შიმშილობას გადაწყვეტს, რაც მისი უფლებაა. სააკაშვილის შემთხვევაში ჯანმრთელობის გაუარესების, მით უმეტეს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი არ არსებობს, რადგანაც სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე“, – აღნიშნა წულუკიანმა.

გუშინ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროს შესთავაზა, შეიქმნას ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებს.
გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტრომ მიმართა ორი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებს, დააკვირდნენ სააკაშვილის უფლებების დაცვას პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ასევე თანამშრომლობისკენ სახალხო დამცველსაც მოუწოდა.
სააკაშვილს არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გათავისუფლების იმედი აქვს>>>
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0